„გოგა ხაინდრავა არ არის იმ ავტორიტეტის მქონე ფიგურა, რომ მასთან პოლემიკა გავმართო. ჯობდა, ფერმერობით დაკავებულიყო და მიწა მოეხნა“

თბილისის საკრებულოს წევრი „რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგენელი დავით ზურაბიშვილი საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში რეჟისორ გოგა ხაინდრავას მიერ მის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას გამოეხმაურა.
ზურაბიშვილის განცხადებით, მაშინ, როდესაც „რესპუბლიკელები“ ოპოზიციაში იყვნენ, ხაინდრავა წინა ხელისუფლების მინისტრი იყო და არც „თავისუფლების ინსტიტუტთან“ , არც „რესპუბლიკურ პარტიასთან“ და არც ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობა არასდროს უთაკილია.
„რესპუბლიკური პარტიის“ წევრი გოგა ხაინდრავას საკმარისი ავტორიტეტის მქონე ფიგურად არ მიიჩნევს, რომ მასთან პოლემიკა გამართოს.
„ გოგა ხაინდრავა ბოლო დროს, ზოგადად, აგრესიული გამოსვლებით გამოირჩევა. არც მე და არც ჩვენი პარტიის წარმომადგენლები ნამდვილად არ ვთვლით მას იმ ავტორიტეტისა და იმ დონის ფიგურად, რომ მასთან სერიოზული პოლემიკა გავმართოთ. არ მიმაჩნია, რომ მის აზრს მნიშვნელობა აქვს საზოგადოებისთვის. მე მგონი, ჯობდა, ფერმერობას და მიწის მოხვნას რომ აპირებდა, მაგ საქმით დაკავებულიყო. ასეთი პიროვნებები პრობლემური მაშინ არიან, როცა ასეთი პიროვნებები ხელისუფლების აზრს გამოხატავენ. მე რომ ოპოზიციაში ვიყავი, ხაინდრავა მაგ დროს წინა ხელისუფლებაში მინისტრი ბრძანდებოდა. თავის დროზე, არც „თავისუფლების ინსტიტუტთან“ , არც „რესპუბლიკურ პარტიასთან“ და არც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობა არასდროს უთაკილია. მერე როცა რაღაც სიზმარს ნახავს, გამოვა ხოლმე და საკმაოდ მდაბიო დონეზე ილანძღება. ეს ღირსეული საქციელი არ არის “, – განაცხადა დავით ზურაბიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე, გოგა ხაინდრავამ „რესპუბლიკური პარტია“ და დავით ზურაბიშვილი გააკრიტიკა. „არ ვიზიარებ ძალიან ბევრ ნაბიჯს, რასაც „რესპუბლიკელები“ დგამენ. რასაც ზურაბიშვილი ლაპარაკობს, არის სიბნელე, რადგან თვითონაც სიბნელიდან გამოსულია. ის „თავისუფლების ინსტიტუტის“ ნაყოფია, იყო და დარჩება ყოველთვის უმადური და ბნელი. სიბნელე იყო „თავისუფლების ინსტიტუტი“, სიბნელიდან გამოსული, „რესპუბლიკურ პარტიას“ გადამხტარი კაცია, რომ ცოტა უფრო ცივილური გამოჩნდეს“,- განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები