სასამართლოში წესრიგის დარღვევისათვის ლაშა ფარულავა დაჯარიმდა

  ივანე მერაბიშვილის მიმართ განაჩენის გამოცხადების შემდეგ სასამართლოში წესრიგის დარღვევისათვის ლაშა ფარულავა დაჯარიმდა. ამის შესახებ განცხადებას თბილისის საქალაქო სასამართლო ავრცელებს.
„ბრალდებულ ივანე მერაბიშვილის მიმართ განაჩენის სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების შემდეგ, მხარეებმა სასამართლოს ეზოში გადაინაცვლეს. სიტუაციის დაძაბვის შემდეგ მანდატურის სამსახურმა გადაკეტა ეზოდან გასასვლელი კარი, რათა დაპირისპირებულ მხარეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება არ მომხდარიყო. მოქალაქე ლაშა ფარულავამ სცადა მანდატურის კორდონის გარღვევა, იგი არ დაემორჩილა სასამართლოს მანდატურის მითითებას, დაეცვა წესრიგი და მათ მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, რითაც სასამართლოში დაარღვია წესრიგი და სასამართლოსადმი აშკარა და უხეში უპატივცემულობა გამოხატა. მოქალაქე ლაშა ფარულავას კანონსაწინააღმდეგო ქმედება მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა აღკვეთეს. მითითებული გარემოებები დადასტურებულია საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით. მოქალაქე ლაშა ფარულავა თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის განკარგულებით, სასამართლოში წესრიგის დარღვევისთვის დაჯარიმდა 300 (სამასი) ლარით. განკარგულება აღსრულებისათვის გადაეგზავნა შესაბამის სააღსრულებო ბიუროს. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს მისი ჩაბარებიდან 48 საათში თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარესთან, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით,” – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები