მსოფლიო კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს საკრებულოც შეუერთდა
დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის თავმჯდომარის გულიკო ზუმბაძის ინციციატივით, მსოფლიო კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა, კიბოს პრევენციისა და ადრეული დიაგნოსტიკის მოსახლეობაში პოპულარიზაციის მიზნით, ეროვნულ სკრინინგ – ცენტრში პროგრამით გათვალისწინებული გამოკვლევები ჩაიტარეს.
გულიკო ზუმბაძის განცხადებით, 2011 წელს საქართველოში, ავთვისებიანი კიბოს დიაგნოზით, 25143 პაციენტი იყო რეგისტრირებული.
„ოფიციალური მონაცემებით, ყოველწლიურად საქართველოში 8000 კიბოს ახალი შემთხვევა ფიქსირდება. შესაბამისად, უახლესი 10 წლის განმავლობაში დაავადების გავრცელების მასშტაბები შეიძლება საგრძნობლად გაიზარდოს. სწორედ ამიტომ, მიგვაჩნია, რომ აუცილებლად უნდა მოხდეს იმ რესურსების გამოყენება, რაც ქვეყანას სკრინინგ -ცენტრების სახით გააჩნია.
ამ ინფორმაციის მოსახლეობისთვის მიწოდებისა და პოპულარიზაციის მიზნით, დღეს ჩვენ ვუერთდებით კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს.
აღნიშნული აქციით, მოვუწოდებთ მოსახლეობას, რომ დროულად მიაკითხონ სკრინინგ- ცენტრებს, ჩაიტარონ გამოკვლევები და გადაარჩინონ საკუთარი სიცოცხლე“, – განაცხადა გულიკო ზუმბაძემ.
საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომიის თავმჯდომარემ ირაკლი ფავლენიშვილმა, სკრინინგ ტესტების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სკრინინგ- ტესტებისა და დაავადების ადრეულ ფაზაში გამოვლენით, მისი თავიდან აცილება შესაძლებელია.
„ეს დაავადება რთულ სტადიამდე შესაძლებელია კლინიკური გამოვლინების გარეშე ვითარდებოდეს. ადრეულ ეტაპზე მისი მკურნალობა დღეს უკვე შესაძლებელია, რაც ჯერ კიდევ 20-30 წლის წინ ვერ ხერხდებოდა.
აქედან გამომდინარე, აუცილებელია, რომ საზოგადოებას მიეწოდოს ინფორმაცია არსებული სკრინინგ პროგრამის შესახებ, რათა ჩვენმა მოქალაქეებმა საკუთარი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვა შეძლონ.
სკრინინგის პროგრამაში ჩვენი უშუალო მონაწილეობით, ჩვენ ვუერთდებით კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის აქციას, რითიც ჩვენს თანამოქალაქეებს, ჩვენს მოსახლეობას კიდევ ერთხელ გვინდა შევახსენოთ, რომ აუცილებელია მიაკითხონ ასეთ ცენტრებს, ჩაიტარონ ეს გამოკვლევები და იზრუნონ საკუთარ ჯანმრთელობაზე.
დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი მიდგომა კიბოს პრევენციისადმი, სწორედ ის დამოკიდებულებაა, რომელიც თავიდან აგვაცილებს ამ მძიმე სენს“,–აღნიშნა ირაკლი ფავლენიშვილმა.
ეროვნული სკრინინგ- ცენტრი კვლევებს ოთხი მიმართულებით ახრციელებს და ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით ხორციელდება. სკრინინგ ცენტრის მენეჯერის თინა ბერუჩაშვილის თქმით, ქალბატონების ასაკი სარძევე ჯირკვლის კიბოს სკრინინგ- პროგრამაში 40–დან 70 წლამდე, ხოლო საშვილოსნოს ყელის კიბოს გამოკვლევები 25–დან 60 წლამდეა განსაზღვრული.
მამაკაცებში კი, პროსტატის კიბოს გამოკვლევები და ორივე სქესის მოქალაქეებში მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგი 50–დან 70 წლამდე ასაკს გულისხმობს. პროგრამული კვლევები არის უფასო და ვრცელდება როგორც თბილისში, ასევე საქართველოში მცხოვრები ყველა მოქალაქისათვის