ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობები პროექტების განსახორციელებლად ნაკლებ თანხას გადაიხდიან

თბილისის მთავრობის ინიციატივით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამაში ცვლილებები შევიდა.
აღნიშნული ცვლილებით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების პროცენტული მონაწილეობა სხვადასხვა პროექტის განხორციელებაში მნიშვნელოვნად იკლებს, რაც მოსახლეობას საშუალებას მისცემს, ნაკლები დანახარჯით მოაწესრიგოს საკუთარი საცხოვრებელი პირობები.
“აღნიშნული ინიციატივა დავით ნარმანიას წინასაარჩევნო დაპირების ნაწილია, რომლის განხორციელებაც უკვე დაიწყო.
განსაკუთრებულ სიახლეს წარმოადგენს საცხოვრებელ კორპუსებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის პანდუსების, სპეციალური ამწეებისა და ლიფტების მონტაჟი.
დედაქალაქის გამგეობები იღებენ ვალდებულებას, რომ საცხოვრებელი კორპუსების შესასვლელები შშმ პირებისთვის სრულად ადაპტირდეს, ხოლო ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობები ამ პროექტის განხორციელებაში სიმბოლური 1%-ის თანადაფინანსებით ჩაერთვებიან.
გარდა ამისა, ცვლილებების თანახმად, შენობის ბრტყელი სახურავის შეკეთების შემთხვევაში, ამხანაგობა, ნაცვლად დღემდე არსებული 25%-ისა, სამუშაოების 20%-ს, ხოლო ქანობიანი სახურავის შეკეთების შემთხვევაში, 20%-ს დააფინანსებს. საცხოვრებელ კორპუსებში ლიფტების შეკეთებისთვის, ნაცვლად 30%-ისა, 20%-ის თანადაფინანსება მოუწევს, ხოლო შიდა წყალკანალიზაციის გაყვანილობის შეკეთებისთვის, 30%-ის ნაცვლად, 15%-ს გადაიხდის.
30%-ით შემცირდა სახურავის წყალსაწრეტი მილების შეკეთების თანადაფინანსება და, ნაცვლად 50%-ისა, ამხანაგობები სამუშაოების მხოლოდ 20%-ს დააფინანსებენ. ეზოს საერთო სარგებლობის ჭიშკრის აღდგენისა თუ სადარბაზოს კარის დამზადება-მონტაჟის შემთხვევაში, 30%-ის ნაცვლად, თანადაფინანსება 20%-მდე შემცირდა, ხოლო ამხანაგობის კუთვნილი მიმდებარე ტერიტორიის დაფიქსირება, ანუ წითელ ხაზებში მოქცევა, 50%-ის ნაცვლად 40% გახდა.
პანელოვან შენობებში, ანუ იმ მრავალსართულიან კორპუსებში, რომლებიც ქარხნული წესით დამზადებული მთლიანი სექციური კონსტრუქციებით მონტაჟდებოდა, სართულშუა ნაპრალების რეაბილიტაციისთვის, ნაცვლად 30%-ისა 20%-ით დაფინანსდება. 10%-ით შემცირდა, აგრეთვე, ბინათმესაკუთრეთა მიერ მრავალბინიან სახოვრებელ სახლებზე განხორიცელებული ე.წ. მიშენებების კონსტრუქციების მდგრადობისა და სეისმომედეგობის განსაზღვრის თანადაფინანსებაც და ამხანაგობა, ნაცვლად 30%-ისა, სამუშაოთა მხოლოდ 20%-ს გადაიხდის.
საერთო სარგებლობის ხის, ქვისა და ლითონის კიბეების აღდგენა 25%-იდან 20%-მდე შემცირდა, ხოლო მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში ინდივიდუალური ბინების შესასვლელებიდან გეოთერმული ცხელი წყლის საზომი სისტემის თითოეულ ბინაში საბოლოო მოხმარების წერტილებთან დაკავშირება 25%-დან 10%-მდე შემცრიდა. ამისათვის, რომ შემსრულებელმა კომპანიებმა სამუშაოები დროულად და ხარისხიანად შეასრულონ, თბილისის მთავრობის ინიციატივით, შემუშავდა ის მინიმალური სტანდარტები, რომლის დაკმაყოფილებაც შესაბამის კომპანიებს მოუწევთ. კერძოდ, შესრულებულ სამუშაოზე შედგება შესაბამისი საექსპერტო დასკვნა, რომელსაც ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ განსაზღვრული ორგანიზაცია ჩაატარებს, ხოლო ექსპერტიზის ღირებულებას სრულად აანაზღაურებს შესაბამისი რაიონის გამგეობა. გარდა ამისა, შემსრულებელ კომპანიას, რომელსაც 100 ათას ლარზე მეტი ღირებულების სამუშაო უნდა განახორციელოს, უნდა ჰქონდეს სამშენებლო სფეროში მუშაობის გამოცდილება არანაკლებ 200 ათასი ლარის ბრუნვით, ხოლო კომპანიას, რომელმაც 100 ათას ლარზე ნაკლები ღირებულების სამუშაოები უნდა განახორციელოს – სამშენებლო სფეროში მუშაობის გამოცდილება არანაკლებ 30 ათას ლარის ბრუნვით. ამასთან, კომპანია აღჭურვილი უნდა იყოს სამუშაოების შესრულებისთვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური ბაზით“,- აცხადებენ თბილისის მერიაში.
აღნიშნული ინიციატივა თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 3 თებერვალს დაამტკიცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები