„ქართველი მოსამართლეები უნდა შეფასდნენ მანამ, ვიდრე დაინიშნებიან“

  ქართველი მოსამართლეები უნდა შეფასდნენ მანამდე, ვიდრე სამუდამოდ დაინიშნებიან და ადამიანების ბედს გადაწყვეტენ, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასში” განაცხადა, სადაც ამ წუთებში მოსამართლეთა უვადო დანიშვნის, გამოსაცდელი ვადის, მონიტორინგისა და შეფასების საკითხზე საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს.
“იუსტიციის სამინისტრო აგრძელებს მუშაობას, რათა ქართულ მართლმსაჯულებაში შეიქმნას სწორი, გამართული და ისეთი სისტემა, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს მისცემს ისეთ სასამართლო გადაწყვეტილებებს, რომლებსაც საზოგადოება ენდობა. დღეს ეს ნდობა ჯერ კიდევ არის საკმაოდ დაბალი ხარისხის, მიუხედავად იმისა, რომ მოსამართლე თავისუფალია. დღეს ჩვენ მოვიწვიეთ მოსამართლეების საერთაშორისო კონფერეცია. შვიდი ქვეყნის უცხოელი მოსამართლეები ჩამოვიდნენ იმისთვის, რომ დიალოგი შედგეს მათსა და ჩვენს მოსამართლეებს შორის ერთ ძალიან მნიშვნელოვან თემაზე – ეს გახლავთ მოსამართლეების 3- წლიანი გამოსაცდელი ვადა, ვიდრე ისინი თავიანთ პოზიციაზე დაინიშნებიან სამუდამოდ”, – განაცხადა თეა წულუკიანმა ღონისძიების დაწყებამდე.
ღონისძიებას ესწრებიან საქართველოს აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. კონფერენციაში პოლონელი, გერმანელი, ბრიტანელი, ავსტრიელი, ხორვატი და ამერიკელი მოსამართლეებიც მონაწილეობენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები