რატომ გაათავისუფლეს კეზერაშვილი?
საფრანგეთის ექს-ან პროვანსის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც ქართულ მხარეს თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის ექსტრადირებაზე უარი ეთქვა, ექსპერტები აფასებენ. ექსპერტის კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძის თქმით, ბრალდებები, რომლებიც ქართულ მხარეს კეზერაშვილის მიმართ ჰქონდა წარდგენილი, ყოვლისმომცველი არ იყო. არეშიძის თქმით, პროკურატურის ბრალდებებს შორის არ იყო უმთავრესი – იარაღით უკანონოდ ვაჭრობის თემა.
“ბრალდებები, რომლებსაც კეზერაშვილს ქართული მხარე უყენებდა, არ იყო ყოვლისმომცველი. ბრალდებებს შორის არ იყო ძალიან მნიშვნელოვანი თემა – იარაღით უკანონოდ ვაჭრობა. მე მესმის, რომ, ერთი მხრივ, საქართველოსთვის ეს თემა გარკვეულწილად წამგებიანია. თუმცა, მეორე მხრივ, ეს იყო ქართველი ერის თვალში მთავარი ბრალდება, ომის წაგების გარდა. თუ შეგნებულად მოხდა იარაღით უკანონოდ ვაჭრობის პროცესზე არგატანა, ვითომდა ქვეყნის პრესტიჟის დაცვის მიზნით, ვფიქრობ, ამით უფრო დათვური სამსახური გაუწიეს, ვიდრე სიკეთის მომტანი“,-განაცხადა არეშიძემ “კვირასთან“ საუბრისას. ამასთან, ექსპერტი ფიქრობს, რომ კეზერაშვილის საქმესთან დაკავშირებით ქართული მხარე არც ერთხელ არ იყო სათანადოდ მომზადებული. მისი შეფასებით, სასამართლო პროცესებზე წარდგენილი მტკიცებულები წელში გამართული არ იყო.
“წინა პროცესებიდანაც გამოჩნდა, რომ ქართული მხარის მიერ კეზერაშვილისთვის წარდგენილი ბრალდებულებების მტკიცებულებები არ იყო წელში გამართული. ამ ყველაფერს სხვანაირად საბოტაჟი ჰქვია. თუ საბუთები ნამდვილად ჰქონდათ, რატომ მოხდა მტკიცებულებების ასეთი სუსტი პრეზენტირება, ჩემთვის გაუგებარია“, – აღნიშნავს მამუკა არეშიძე.
ქართული მხარისთვის დავით კეზერაშვილის არგადმოცემაში ექსპერტი რამაზ საყვარელიძე საგანგაშოს ვერაფერს ხედავს. მისი შეფასებით, სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ დავით კეზერაშვილის ფიგურა საფრანგეთისთვის სულ ერთი არ არის და მის მიმართ ხსენებულ ქვეყანას თავისი ინტერესები აქვს. რაც შეეხება იმას, იყო თუ არა საქართველოს პროკურატურა საფუძვლიანად მომზადებული ბრალდებების არგუმენტირებისას, საყვარელიძე აცხადებს, რომ ამ დისტანციიდან ამის გადაჭრით თქმა რთულია.
“ამ დისტანციიდან რთული სათქმელია, იყო თუ არა პროკურატურა ნაკლებად მომზადებული, ერთი და იგივე შედეგს შესაძლოა რამდენიმე მიზეზი ჰქონდეს. ერთი მხრივ, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ პროკურატურის მოტივაცია იყო არადამარწმუნებელი იმ ბრალდებებზე, რომლებიც კეზერაშვილის წინააღმდეგ საქართველოშია აღძრული. მეორე მხრივ, ჩვენ ზუსტად არ ვართ საქმის კურსში, რა საქმის წარმოება მიდის ფრანგული მხარის მიერ კეზერაშვილის მიმართ. საფრანგეთს თავისი ინტერესები აქვს ამ პიროვნების მიმართ. ფრანგული პროკურატურის ბრალდებათა შინაარსი თუ არ შეესაბამებოდა ქართული პროკურატურის ბრალდებათა შინაარსს, ბუნებრივია, მას ქართულ მხარეს არ გადმოსცემდნენ.
მოვლენათა ლოგიკა ტოვებს იმის თქმის საფუძველს, რომ გავუგოთ ფრანგულ მხარეს, თუ რატომ არ გადმოსცა კეზერაშვილი საქართველოს. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ის საფრანგეთში უფრო გემრიელად შეჭამს პურს, ვიდრე საქართველოში. ის, რომ ფრანგულმა სასამართლომ კეზერაშვილი ქართულ მხარეს არ გადმოსცა და პატიმრობაში არ დატოვა, ნიშნავს, რომ ის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდა. საფრანგეთისთვის რომ სულ ერთი იყოს კეზერაშვილის ფიგურა და მათ რომ თავისი ინტერესი არ ჰქონდეთ, ექსტრადირებაზე უარს არ იტყოდნენ“,- განუცხადა“ კვირას“ საყვარელიძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის ექსტრადიციის საკითხზე ფრანგულმა სასამართლომ დღეს იმსჯელა. დავით კეზერაშვილის ექსტრადირებაზე საფრანგეთის სასამართლომ უარი განაცხადა. კეზერაშვილი 2013 წლის 14 ოქტომბერს პარიზის და თბილისის ინტერპოლის ბიუროების თანამშრომლობის შედეგად დააკავეს. საფრანგეთის სასამართლომ იგი პატიმრობიდან ელექტრონული სამაჯურის გამოყენების პირობით მიმდინარე წლის 3 თებერვალს გაათავისუფლა. დავით კეზერაშვილს ბრალად ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ქვეპუნქტით, 214-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებით, 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით და 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა, რაც გულისხმობს სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ქრთამის აღებას, ორგანიზებული ჯგუფის მიერ საბაჟო წესების დარღვევას, რამაც განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ზარალი გამოიწვია, ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ფულის გათეთრებას და უკანონო შემოსავლის მიღებას, ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილ დიდი რაოდენობით მითვისება/გაფლანგვას.
დავით კეზერაშვილს ეკავა ჯერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის უფროსის, ხოლო შემდეგ საქართველოს თავდაცვის მინისტრის თანამდებობა.
მარიამ ზედგინიძე