„მართლმსაჯულების სისტემა იქნება ჩვენი მოქალაქეების თავისუფლების გარანტი და მომავალში სტაბილურობის წყარო“

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მისთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ საქართველოში პროკურატურის მოთხოვნათა დაკმაყოფილების პროცენტულმა მაჩვენებელმა იკლო. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისში, საერთაშორისო ლიდერთა ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
“ჩემთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ საქართველოში პროკურატურის მოთხოვნათა დაკმაყოფილების პროცენტულმა მაჩვენებელმა იკლო, და, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, საქმეთა სულ უფრო მცირე რაოდენობა განიხილება სასამართლოში. მართლმსაჯულების სისტემა იქნება ჩვენი მოქალაქეების თავისუფლების გარანტი და მომავალში სტაბილურობის წყარო, რაც ხელს შეუწყობს ხალხის კეთილდღეობასა და ბიზნესსაქმიანობის აღზევებას”, – აღნიშნა პრემიერმა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ დასავლეთის ქვეყნებთან პარტნიორული ურთიერთობა დაამყარა. “ჩვენ დავამყარეთ პარტნიორული ურთიერთობა დასავლეთის ქვეყნებთან, რათა გვესწავლა მათგან. ჩვენი მოწვევით ევროკავშირმა საქართველოში მოავლინა თომას ჰამარბერგი, რომელმაც შეაფასა ქვეყნაში არსებული მდგომარეობა კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით და მოგვაწოდა შესაბამისი რეკომენდაციები. ამ პროცესში ჩვენ დავადგინეთ საკვანძო სფეროები, სადაც დაუყოვნებლივ იყო გასატარებელი რეფორმა. ეს სფეროებია: კანონის უზენაესობის აღდგენა; დამოუკიდებელი სასამართლოსა და დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბება; ადამიანის ფუნდამენტურ უფლებათა და თავისუფლებათა დაცვა; თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება; თანამდებობის პირთა დაუსჯელობის აღმოფხვრა”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები