პატიმართა კვების რაციონი იცვლება
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ პატიმართა კვების 2013 წელს მიღებული სტანდარტი კიდევ ერთხელ გააუმჯობესა. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინფორმაციით, პატიმართა კვების რაციონში 2013 წლის სტანდარტთან შედარებით, კიდევ უფრო გაიზარდა ხორც-პროდუქტების, რძის პროდუქტების, პარკოსნების, ბურღულეულისა და პურპროდუქტების წილი. სასჯელაღსრულების სისტემაში 11 მიზნობრივი რაციონი და სხვადასხვა სახის დიეტური მაგიდაა ხელმისაწვდომი. აღნიშნული რაციონები განსხვავდება ღია და დახურული ტიპის დაწესებულებებისთვის, ასევე არასრულწლოვანთათვის, ქალი მსჯავრდებულებისათვის, დიაბეტით და ტუბერკულოზით დაავადებული მსჯავრდებულებისთვის. კვების ახალი სტანდარტი 2014 წლის 17 თებერვლიდან მოქმედებს და სხვადასხვა რაციონის მიხედვით, მისი ღირებულება დღეში 1 პატიმარზე 3.26 ლარიდან 5.23 ლარამდე მერყეობს. პატიმართა კვებისთვის გამოყოფილი საერთო ბიუჯეტი წელიწადში 14 940 700 ლარს შეადგენს. კვების ორგანიზებას 2014 წელს კომპანია „ჯი-ემ-ემ“-ი უზრუნველყოფს, რომელიც ვალდებულია პატიმრებს ხარისხიანი პროდუქციით დამზადებული საკვები მიაწოდოს და ყოველდღიურად მომზადებული საკვების სინჯები 48 საათის განმავლობაში შეინახოს კონტროლისთვის. კვების გაუმჯობესებული სტანდარტი 20 თებერვალს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ მედიას წარუდგინა. აქვე ჟურნალისტებს შესაძლებლობა მიეცათ, თავად მოემზადებინათ კერძი იმ პროდუქტებისგან, რომლითაც მარაგდება დაწესებულების სამზარეულო და პროდუქციის ხარისხიც შეემოწმებინათ.