თეთრიწყაროს რაიონში ახალი სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს

    თეთრიწყაროს რაიონში ახალი სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს თეთრიწყაროს რაიონის სოფელ სამღერეთში ახალი სკოლა შენდება. სკოლის წარმომადგენლებსა და მშენებლებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე შეხვდა და პირადად გაეცნო მშენებლობის მიმდინარეობას. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, სოფელ სამღერეთის საჯარო სკოლა, გასული საუკუნის 40-იან წლებში იყო აშენებული. სკოლას არ ჰქონდა საკმარისი რაოდენობის საკლასო ოთახი, თავად შენობა ამორტიზირებული იყო და კაპიტალურ რემონტს არ ექვემდებარებოდა. გასული წლის ბოლოს ძველი შენობის დემონტაჟი განხორციელდა და ახალი სკოლის მშენებლობა დაიწყო. სკოლა ამჟამად კერძო სახლშია დროებით განთავსებული და სწავლა შეუფერხებლად მიმდინარეობს. სოფელი სამღერეთი აჭარის ეკომიგრანტებით არის დასახლებული, შესაბამისად, სკოლა ქართულენოვანია და 100-მდე მოსწავლე სწავლობს, მათგან 12 ადმინისტრაციულად შემოერთებულ შიხილოს დაწყებითი აზერბაიჯანული სკოლიდან დადის და მათ 2013 თებერვლიდან, სამინისტროს მიერ დანიშნული მიკროავტობუსი ემსახურებათ. თეთრიწყაროს რაიონში მიკროავტობუსი კიდევ 11 საჯარო სკოლას ემსახურება. სოფელში დემოგრაფიული მდგომარეობა არის ზრდადი, შესაბამისად, ახალი სკოლა 150 მოსწავლეზეა გათვლილი. სკოლას ექნება თანამედროვე გათბობის სისტემა, საბუნებისმეტყველო და საინფორმაციო ტექნოლოგიების კაბინეტები თანამედროვე სასკოლო მერხებით, დაფებითა და ახალი კომპიუტერებით. თანამედროვე სტანდარტების სკოლაში ყველა პირობა იქნება შექმნილი, რათა მოსწავლემ ისეთივე სრულყოფილი განათლება მიიღოს, როგორც ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაშია შესაძლებელი. მშენებლობა 2014 წლის დეკემბერში დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები