რა იარაღებს ფლობს ია მეტრეველის მკვლელობის სავარაუდო დამკვეთად დასახელებული კახა ლეგაშვილი

კახა ლეგაშვილი, რომლის ვინაობაც სახალხო დამცველმა, ირაკლი ფირცხალავასთან ერთად, ია მეტრეველის სავარაუდო მკვლელობის თანამონაწილედ დაასახელა, იტალიური წარმოების ორ იარაღს ფლობს.
როგორც ქონებრივი დეკლარაციით ირკვევა, კახა ლეგაშვილმა ორი ცეცხლსასროლი იარაღი შეიძინა – „Raffaelo grio“ 3500 ლარად და „fabarm spass“ – 2700 ლარად, რაც 2012 წლის 2 მაისს ქონებრივი დეკლარაციის შევსების დროს მიუთითა.
kaxa
როგორც „კვირამ“ გაარკვია, კახა ლეგაშვილის მიერ შეძენილი „Raffaelo grio“ იტალიური წარმოების სანადირო იარაღია. კერძოდ – Benelli Raffaello CrioComfort-ი წარმოებულია იტალიაში, კომპანია Benelli Armi SpA-ის მიერ. 2900 გრამს იწონის და ნახევრად ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის ტიპს მიეკუთვნება. რაც შეეხება, „fabarm spass“ – Fabarm SDASS Tactical-ს, ასევე წარმოებულია იტალიაში, 2002 წელს შეიქმნა დიზაინი, 2005 წლიდან იხმარება. იწონის 3 კგ-ს. სიგრძე 510 მმ-ია. ეს იარაღი უშუალოდ სამართალდამცავებისთვის შეიქმნა და ძალიან სპეციფიკურია.10958081_897633783592449_910534479_o
„კვირას“ ინფორმაციით, შს სამინისტროს სიპ–დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ კახა ლეგაშვილმა თანამდებობა 2012 წლის ივლისში დატოვა. რაც შეეხება მის მეუღლეს, იგი წლების განმავლობაში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში მუშაობდა და დღემდე მთავარი სპეციალისტის თანამდებობას იკავებს. კახა ლეგაშვილს ორი ვაჟი ჰყავს.
შს სამინისტრო, სსიპ–დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ კახა ლეგაშვილმა ქონებრივი დეკლარაცია უკანასკნელად, 2012 წლის 2 მაისს შეავსო. მას მეუღლე და ორი შვილი ჰყავს. დოკუმენტის მიხედვით, კახა ლეგაშვილის მეუღლე ნინო ბეშკენაძე მაშინ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის თანამდებობას იკავებდა.
როგორც „კვირას“ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განუცხადეს, ნინო ბეშკენაძე დღემდე ამ თანამდებობას იკავებს. სახალხო დამცველის მიერ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, „კვირა“ კახა ლეგაშვილს სახლში დაუკავშირდა. თუმცა, იგი შინ არ აღმოჩნდა, ხოლო მისმა მეუღლემ ნინო ბეშკენაძემ „კვირას“ შეკითხვებს არ უპასუხა და ტელეფონი გათიშა.
შეგახსენებთ, რომ უჩა ნანუაშვილის ინფორმაციით, ირაკლი ფირცხალავამ და კახა ლეგაშვილმა ბუტა რობაქიძის დედის ია მეტრეველის მკვლელობა შეუკვეთეს. მოწმე, ლაშა შავიძე, რომელმაც ეს ინფორმაცია სახალხო დამცველის აპარატს მიაწოდა, ამჟამად 10-წლიან სასჯელს ნარკოდანაშაულისთვის იხდის. როგორც სახალხო დამცველმა აღნიშნა, მსჯავრდებულის ინფორმაციით, კრიმინალური პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნები მისგან ასევე მოითხოვდნენ მოეძებნა პირი, რომელიც ზურაბ ვაზაგაშვილის წინააღმდეგ მისცემდა ჩვენებას.
„საქართველოს სახალხო დამცველს ახსნა-განმარტებით მიმართა მსჯავრდებულმა ლაშა შავიძემ, აცხადებდა, რომ იგი 2008 წლის ივლისში დააკავეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მაშინდელმა თანამშრომლებმა გიორგი ხიზანიშვილმა და გიორგი ჭანტურიამ, რის შემდგომ კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში, ირაკლი ფირცხალავასთან და კახა ლეგაშვილთან მიიყვანეს. ლ.შ. აცხადებს, რომ ირაკლი ფირცხალავა მას ნარკოტიკული დანაშაულისთვის პასუხისგებაში მიცემით დაემუქრა, ხოლო თავისუფლების სანაცვლოდ გარდაცვლილი ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველი უნდა მოეკლა. ასევე, უნდა მოეძებნა პირი, რომელიც ზურაბ ვაზაგაშვილის წინააღმდეგ მისცემდა ჩვენებას ამ უკანასკნელის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ.10956987_897633886925772_1615919763_o
ირაკლი ფირცხალავა ლ.შ.-ს თანამშრომლობის შემთხვევაში გათავისუფლებას და ნარკოტიკულ დანაშაულზე ხელშეუხებლობას დაპირდა. ლ.შ. აცხადებს, რომ მას არჩევანი არ ჰქონდა და შეთავაზებულ თანამშრომლობას დათანხმდა. დავალების მიხედვით, ლ.შ.-ს მკვლელობა მაღაზიაში, ყაჩაღობის სცენარით უნდა ჩაედინა, რის შემდეგაც დააკავებდნენ, თუმცა ციხეში არაფერი მოაკლდებოდა, მათ შორის ნარკოტიკები. როგორც ლ.შ. აცხადებს, ამ საუბრის შემდეგ იგი სამი დღე დადიოდა საბურთალოზე, თითქოსდა, ზურა ვაზაგაშვილის შესახებ ინფორმაციის შეგროვების მიზნით. შემდეგ გარკვეული დროით ერთ-ერთ მეზობელ ქვეყანაში წავიდა. 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყების შემდეგ თბილისში ჩამოვიდა და გიორგი ხიზანიშვილს დაუკავშირდა, რომელმაც უთხრა, რომ ზემოხსენებული საქმეების განხილვის დრო არ იყო, ცოტაც მოეთმინა და შემდეგ გააგრძელებდნენ მუშაობას. ლ.შ.-მ კვლავ დატოვა მცირე ხნით საქართველო, ხოლო დაბრუნების შემდეგ დააკავეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა და ნარკოტიკული დანაშაულის ჩადენისთვის მას შეეფარდა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა“, – აღნიშნა უჩა ნანუაშვილმა.

Untitled

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები