„საბას ლაურეატები მწერალთა სახლში“
შეხვედრები ციკლიდან: „საბას ლაურეატები მწერალთა სახლში“, რომელიც მწერალთა სახლისა და „თიბისი“ ბანკის ერთობლივი პროექტია, გრძელდება. 27 თებერვალს, 19 საათზე ამ ციკლის მეორე შეხვედრა მწერალსა და დრამატურგ ირაკლი სამსონაძესთან გაიმართება. ირაკლი სამსონაძე პროზაული კრებულისთვის “შემკრთალი ქუჩა” 2013 წლის “საბას” გამარჯვებული გახდა ნომინაციაში – “წლის საუკეთესო პროზაული კრებული”. შეხვედრის მოდერატორი იქნება: მწერალი, გამომცემლობების – “ინტელექტი” და “არტანუჯი” მთავარი რედაქტორი ზვიად კვარაცხელია.
შეგახსენებთ, რომ პროექტი 10 თვეს გაგრძელდება. მწერალთა სახლში თვეში ერთხელ მკითხველები ლიტერატურული პრემია „საბას“ 2013 გამარჯვებულებს შეხვდებიან. სულ გაიმართება 10 შეხვედრა, სადაც მკითხველს საშუალება ექნება, ათივე ნომინაციის გამარჯვებულს შეხვდეს და ჟიურის წევრებს მოუსმინოს. ყოველი შეხვედრა ინტერაქტიული იქნება, ღია დისკუსიით, რომელზეც საზოგადოებისათვის საინტერესო აქცენტებით, ზოგადად, ლიტერატურასა და ლიტერატურულ პროცესებზე იქნება საუბარი.