პერვომაისკის მერის მკვლელობა ე.წ. „ლსრ“-ის მეთაურმა პლოტნიცკიმ დაადასტურა
თვითგამოცხადებული ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის მეთაურმა იგორ პლოტნიცკიმ ქალაქ პერვომაისკის მერის ევგენი იშენკოს მკვლელობის ფაქტი დაადასტურა.
მანამდე ე.წ. ლუგანსკის საინფორმაციო ცენტრმა „ლსრ“-ის „სახალხო მილიციაზე“ დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ პერვომაისკში ქალაქის მერის და სხვა სამი ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს.
„დღეს აღმოაჩინეს ქალაქ პერვომაისკის მერი ევგენი იშენკო, რომელიც პირადად მე დავნიშნე. ის თავის მოვალეობებს ღირსეულად ასრულებდა. თანაგრძნობას გამოვხატავ მისი ახლობლების მიმართ“, – განუცხადა პლოტნიცკიმ ჟურნალისტებს.
პლოტნიცკის თქმით, მან სამართალდამცავებს დამნაშავეების პოვნა დაავალა და აღნიშნა, რომ „ვინაა შემკვეთი, ისედაც ნათელია“.
მოგვიანებით პლოტნიცკიმ სატელეფონო საუბარში აღნიშნა, რომ იშენკოსთან ერთად აღმოჩენილი პირები სავარაუდოდ „ლსრ“-ის მაცხოვრებლები იყვნენ, თუმცა საბოლოოდ ფაქტი დადასტურებული არ იყო.
პლოტნიცკის თქმით, დამნაშავეები დივერსიულ ჯგუფს წარმოადგენდნენ და ეს კიევის რეჟიმის კიდევ ერთი დანაშაული გახლდათ.
წყარო: mk.ru