შალიკიანი 70 000 აშშ დოლარის ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მომსახურების სააგენტოს მთავარი კონსულტანტი თეიმურაზ შალიკიანი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს. შს სამინისტროის ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ თეიმურაზ შალიკიანმა თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების შესრულებისას, თავისი თანამდებობრივი ავტორიტეტის გამოყენებით, ქ. ქუთაისში მდებარე, ყოფილი „საგრენაჟო ქარხნის“ ტერიტორიის (6500 კვ.მ) და მასზე განთავსებული შენობა- ნაგებობების აუქციონის წესით შეძენაში დახმარების სანაცვლოდ, მოქალაქეს ქრთამის სახით 600 000 აშშ დოლარი მოსთხოვა.
სამართალდამცველებმა 25 თებერვალს თეიმურაზ შალიკიანი იმ დროს დააკავეს, როდესაც მან წინასწარ აიღო მის მიერ ქრთამის სახით მოთხოვნილი თანხის ნაწილი – 70 000 აშშ დოლარი. გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს.