„მე არც ევროპელი  და არც ამერიკელი ვარ. მე კავკასიელი ვარ, რომელიც ცალკე კულტურაა…“

   „ჩვენ არ უნდა ვიყოთ ორიენტირებულნი ისეთ თემებზე, რომლითაც ადამიანებს ხასიათს და ნერვებს გავუფუჭებთ, პირად ან საზოგადო ცხოვრებას დავუნგრევთ. სამყარო ბევრი რაღაცის, მათ შორის ადამიანურობის  კრიზისს განიცდის. ისედაც სტერსულ 21-ე საუკუნეში  კიდევ დაძაბულობის შემოტანა მედიით, დამთრგუნველია. ჩვენ ადამიანებს, უნდა გავუღვიძოთ სიცოცხლის  და არა სიკვდილის სურვილი.“ – ჟურნალისტი, პროფესორი თამარ ბელქანია.

– პროფესიით ხელოვნებთამცოდნე ხართ…
–  1996 წელს  სამხატვრო აკადემია დავამთავრე, ხელოვნებათმცოდნე ვარ. რთული პერიოდი იყო. ომგადატანილი ქვეყანა, დანგრეული თბილისი… არ იყო გაზი, შუქი, წყალი. დაახლოებით ორ თვეს სახლში მომიწია ჯდომა. ჩემი ახლობელი „დილის გაზეთში“ მუშაობდა და შემომთავაზა, მეც მივსულიყავი. პირველად ფელეტონი მივიტანე, რომელშიც ჩვენ ცხოვრება და ყოფა იყო გაშარჟებული. მოეწონათ და ამიყვანეს. პირველი სტატიაც კარგად მახსოვს. 1996 წლის 27 ნოემბერს, თბილისში, ცისფერ გალერეაში პირველი აუქციონი ჩატარდა. ეს იყო რეპორტაჟი სათაურით: „ჰაიდნიდან კაკაბაძემდე“. პირველი ხელფასი 25 ლარი მქონდა. ძალიან მიყვარს ჟურნალისტიკა. მეექვსე კლასში წიგნაკში ჩანაწერებს ვაკეთებდი, რომელიც ახლა აღმოვაჩინე და ვნახე ჩანაწერი: „აუცილებლად გავხდები ხელოვნებათმცოდნე და ჟურნალისტი“. ასეც გამოვიდა.
 – წლების განმავლობაში არაერთ მედიასაშუალებასთან თანამშრომლობდით…10428718_795619640487090_9133862766420931373_n
-„დილის გაზეთის“ შემდეგ იყო  გაზეთები „მოქალაქე“, „ქართული კულტურა“. იმ პერიოდში კულტურის განყოფილებები ყველგან იხურებოდა, რადგან „წამგებიანი თემა“ იყო. ჩვენ კი ვაკეთებდით გაზეთს, რომელსაც „ქართული კულტურა“ ერქვა. ვაშუქებდით აბსოლუტურად ყველაფერს. ერთი წლის შემდეგ, როცა გაზეთი დაიხურა, გოგი გვახარიამ თავის გადაცემაში „ფსიქო“ თქვა, 50 თეთრი დამეზოგაო. ჩვენთვის ეს ძალიან კარგი რეკლამა იყო. მივხვდით, რომ ამ გაზეთს, რეალურად, ბევრი ადამიანი კითხულობდა.
მერე იყო „ახალი ქართული გაზეთი“, რომლის კულტურის გვერდის რედაქტორი ვიყავი, იყო „ქართული ეპოქა“. სხვათა შორის, იმ დროს  ბევრი გაზეთი და ჟურნალი გამოდიოდა, რაც საშუალებას გვაძლევდა, საკუთარი თავი მოგვესინჯა და გვემუშავა ისეთ თემებზე, რომლებიც დღეს, მაგალითად, საერთოდ დახურულია.
– ტელეკომპანია „იბერია“…
– ტელეკომპანია „იბერიაში“ 2000 წელს მივედი, კულტურის სფეროში. მაგრამ მიწევდა კონფლიქტურ რეგიონებში მუშაობა. პანკისი, კოდორის ხეობა, რეგიონები, რომლებიც დღეს დახურულია და ჟურნალისტი უკვე ვეღარ მოხვდება. საინტერესო პერიოდი იყო. მაშინ ბევრი ტელევიზია არ არსებობდა. კონკურენცია, მოთხოვნა და სტანდარტი კი მაღალი დონის იყო. რატომღაც, ცხოვრებაში ყოველთვის მიმართლებდა, მხვდებოდნენ ადამიანები, რომლებიც უპირობო ნდობას მიცხადებდნენ. ეს კი ჩემთვის შანსი იყო, სათქმელი მეთქვა და თავი დამემკვიდრებინა. ყველგან მადგებოდა ის აკადემიური   განათლება, რაც სამხატვრო აკადემიამ საბაზისო ცოდნად მომცა. ამიტომ, ისევ გადავწყვიტე აკადემიაში განმეახლებინა ჩემი შინაგანი სამყარო და მათი დოქტორანტი ვარ. იქ ვიცავ ხარისხს – „კიტჩი სახვით ხელოვნებაში“.
2003 წელს მივხვდი, რომ პოლიტიკის ჟურნალისტი ვერ გავხდებოდი და საკუთარი სურვილით დავტოვე ტელეკომპანია „იბერია“.
– თსუ და ორი საავტორო გადაცემა…1922271_795619637153757_101811509166106230_n
– გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვმუშაობდი შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციაში, სადაც საიმიჯო ფილმებს ვქმნიდი. მერე ვიყავი ამავე სამინისტროს არქივის სამსახურის უფროსი, სადაც გამოვცემდი  ჟურნალს და ავამუშავე დოკუმენტური ფილმების სტუდია.  ვმართავდით ჟურნალის თემატურ პრეზენტაციებს, რომ არ ყოფილიყო ვიწრო უწყებრივი მაუწყებელი. ეს სამსახურიც 2010 წელს  საკუთარი სურვილით დავტოვე და ფაქტობრივად ცხოვრება თავიდან უნდა დამეწყო.
ზოგადად, ალბათ, როდესაც 4 წელი მუშაობ ამა თუ იმ სამსახურში, უკვე საკარისია და ახალი უნდა ეძებო. უკვე შვილს ველოდებოდი და ორმაგი მოტივაცია მქონდა, რომ ფეხზე დავმდგარიყავი. თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში შევიტანე განაცხადი, რომ ლექციებს წავიკითხავდი. მოვიფიქრე საგანი – „საარქივო ჟურნალისტიკა“, რომელიც გულისხმობდა დაფარული, ალტერნატიული, პარალელური ისტორიის ამოწევას და მედიით მისი პროდუქტების დამზადებას. და, ზოგადად, საარქივო კულტურის გააქტიურებას. ოთხი წელია ვასწავლი და ინტერესი ძალიან დიდია. უნივერსიტეტში ვასწავლიდი სამაუწყებლო მედიას, კონფლიქტების გაშუქებას, საბჭოთა მედიას. ახლა ვარ უნივერსიტეტის პროფესორი.
ჩემთვის მთავარია, სტუდენტებმა იცოდნენ, რომ შესაძლებელია საკუთარი პროფესიით თავის და სწორი ღირებულებების დამკვიდრება.
ორი საავტორო გადაცემა მაქვს ტელეკომპანია „ერთსულოვნებაზე“ – „ისტორიის გაკვეთილი“, ანუ ის, რაც ისტორიაში არის, ქვეყნისთვის უნდა იყოს გაკვეთილი. თუ, ქვეყანა ვერ გაიაზრებს, როგორც გაკვეთილს, იგივე შეცდომას დაუშვებს პერიოდულად. სამწუხაროდ, ასეც ხდება. მეორე გადაცემა არის, „მედია ოკუპირებულ ტერიტორიებზე“. როგორი მედია იქმნება იმ რეგიონებში, სადაც ჯერ კიდევ ომი მიმდინარეობს – აფხაზეთში და ცხინვალის ტერიტორიებზე. ორივე რეგიონში ვყიდულობ გაზეთებს.
– როგორია მედია ამ რეგიონებში?
– მინდა გითხრათ, რომ საოცარია მედიაა ამ რეგიონებში. ისინი იმდენად არიან მიბმული ოფიციოზს და პოლიტიკას, რომ  საბჭოთა პერიოდის გაზეთები „პრავდა“ და „იზვესტია“ მახსენდება. ამ რეგიონებიდან გაზეთების გამოტანაც რთულია. ვისაც გამოვატანინე, ყველა დაიჭირეს. იქ მედია დახურული სივრცისთვის, კონკრეტულად აფხაზეთისთვის და ცხინვალის რეგიონისთვის იქმნება. აფხაზეთში კიდევ უფრო რთული მდგომარეობაა. იქ სამენოვანი გაზეთი გამოდის: რუსულენოვანი, რუსული დამწერლობით აფხაზურენოვანი და მეგრული  გაზეთი, ქართულ შრიფტს დამატებული ლათინური ალფავიტით, რომელშიც მეგრული საგრძნობლადაა  დამახინჯებული. აკეთებენ ძალიან პროვინცული მეგრულ  ტელევიზიას. ვფიქრობ, რომ ამ ტერიტორიებზე მედიის შესწავლა ძალიან საინტერესოა. გამოდის სულ 5 გაზეთი, სოციალურ მედიასა და ბეჭდურ მედიას შორის ძალიან დიდი სხვაობაა, არიან  ავტორები ფსევდონიმით, რომლებიც რეალურად არც არსებობენ თურმე და სანდოობის მომენტი ძალიან დაბალია. რამდენადაც საინტერესოა, იმდენად ტრაგიკული და პარადოქსულია, რომ ჩვენს ტერიტორიაზე ასეთი უცნაური მედია იკიდებს ფეხს.
– რით განსხვავდება ჩვენი მედია?10933805_795619643820423_3397244571464074295_n
– ჩვენთან, გარდა ოფიციალური მედიისა, ალტერნატიული მედიაც არსებობს. ჩვენთან არსებობს სოციალური მედიაც, სოციალური ქსელის ჩართულობაც, არსებობს კითხვები, არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობა სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობაში. როგორც ეტყობა, ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონებში ერთი და იგივე პოლიტიკაა. ასეთი ნიუსი ჰქონდათ: შინაგან საქმეთა მინისტრი შეხვდა ჟურნალისტებს. საერთოდ არ იყო მითითებული, მედიის რომელი საშუალებები ესწრებოდნენ, რა კითხვები დაისვა, რა პასუხები გაიცა. იმ ტერიტორიებზე არ არსებობს მონიტორინგის ტიპის არასამთავრობო ორგანიზაციები. როდესაც ასე მუშაობს მედია, ვიცით, რა შედეგს მივიღებთ.
– თუმცა, საქართველოშიც არსებობს მსგავსი პრობლემები…
– რა თქმა უნდა, ზოგადად, ღირებულებების მსოფლიო  კრიზისია. ბოლო პერიოდში საფრანგეთის მოვლენებმაც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა, ზოგადად, მედიის არსი. მე გაზეთის რედაქტორად ვმუშაობდი და ვიცი, რას ნიშნავს საპირველგვერდო კარიკატურა და ფოტო. ძნელი სათქმელია, რას ნიშნავს გამოხატვის თავისუფლება და სად არის ეთიკის კოდექსი, როდესაც შენი ფოტოებით სამყაროს აყენებ შეურაცხყოფას. მე ორ – გორის და არუთინიანის ტერაქტზე ვიმუშავე და, რა თქმა უნდა, ვგმობ ტერაქტს. სახელმწიფოს დამოკიდებულებაც უნდა შეიცვალოს ტერაქტის გაშუქებასთან დაკავშირებით, რადგან რეალურად ამ დახურული თემისგან, ელიტარული ჟურნალისტიკისგან შემდგომში იქმნება ლეგენდები. ძალიან ვწუხვარ, მაგრამ, 7 იანვრის მოვლენებმა გარკვეულწილად ძეგლი დაუდგა ტერაქტს, რადგან როდესაც დიდია კონკურენცია, არ უნდა იქნას დაშვებული პრეცედენტი, რომ სიძულვილის ენაა ის, რაც ან შენ ან შენს გამოცემას ტირაჟს და შემოსავალს გაუზრდის,  მედია ცოცხალი ორგანიზმია და ასე მარტივად არ უნდა იყოს მიბმული სახელმწიფო რუპორს. მე ვერ ვიდგები იქ, სადაც ახალისებენ, პედალირებენ, ააქტიურებენ შეურაცხყოფას. მედია არ გულისხმობს კონფლიქტის ესკალაციას. პირიქით, 21-ე საუკუნეში, როცა ისედაც ფუნდამენტალიზმის ეპოქაა, იქ შენ უნდა ეცადო მაქსიმალურად ობიექტური, სამშვიდობო იყოს შენი ენა და მინიმუმ, მესამე მსოფლიო ომი არ გამოიწვიო.
– ზოგადად, რა არის ქართული მედიის მთავარი პრობლემა?
– ძალიან მინდა, რომ საქართველოში მედიასკოლები გაძლიერდეს. არ შეიძლება ჟურნალისტიკის ფაკულტეტი ისე დაამთავრო, ერთი სიუჟეტი, ერთი ტოქშოუ, ფილმი, რეპორტაჟი არ გქონდეს გაკეთებული. სტუდენტი რომ უმაღლეს სასწავლებელს დაამთავრებს, მან უნდა შეძლოს თავისი პროფესიით მუშაობა.
მეორე მთავარი პრობლემა განათლებაა. მედიაში მომუშავე ადამიანს მეტი განათლება სჭირდება. მან უნდა იცოდეს მიმდინარეობები, რა არის პოპულარული ლიტერატურაში, არქიტექტურაში, ფოტოგრაფიაში, რაც ჟურნალისტს შესაძლებლობას აძლევს, კომპეტენტური იყოს, მისი თხრობა – უფრო საინტერესო, რეპორტაჟი – უფრო სიღრმისეული. მან უნდა იცოდეს კადრის ენა. ამისთვის კი გამოცდილება სჭირდება, რაც პირდაპირ ტელევიზიაში ან ბეჭდურ მედიაში კი არ უნდა მიიღოს, არამედ მედიასკოლაში.
აგრეთვე, მნიშვნელოვანია ენების ცოდნა. თანამედროვე მოვლენების გაშუქება არ გულისხმობს მხოლოდ ერთ ჭრილში ხედვას. ჩვენ ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, არა მხოლოდ თბილისში და კავკასიაში, მსოფლიოში უნდა ვიცოდეთ, რა ხდება. იმიტომ, რომ საზოგადოებას სწორად მივაწოდოთ ინფორმაცია და მედიაში მომუშავე ადამიანები უნდა იყვნენ პერსონები, რომელთა სანდოობა პირველხარისხოვანია.
გარდა ამისა, ჩვენ უნდა გვქონდეს  არა კარგად ნათარგმნი, არამედ ადგილობრივი წარმოების სახელმძღვანელოები. მაგალითად, BBC -ის სახელმძღვანელო ძალიან კარგია, მაგრამ ეს არის ბრიტანული საზოგადოებისთვის და არ არის ქართულ რეალობას მორგებული. ქვეყანაში, სადაც საბჭოთა წყობა, ღირებულებები დაინგრა, საზოგადოებას გამოეცალა ყველანაირი საზრისი, ამ წიგნის მაგალითით ვერ ვიხელმძღვანელებთ. ჩვენ გვჭირდება ახალი მედიისთვის ქართული სახელმძღვანელო, რომელსაც ქართველი ჟურნალისტები დაწერენ. ამ მაგალითებით ასწავლიან ადამიანებს, რა არის სამოქალაქო, სახელმწიფოებრივი აზროვნება, რაზე გადის, ზოგადად, ღირებულებები. მე არც ევროპელი  და არც ამერიკელი ვარ, მე ვარ კავკასიელი, რომელიც ცალკე კულტურაა. ზუსტად ამ კულტურის წიაღში უნდა იყოს სახელმძღვანელოები დაწერილი, რომლითაც ადამიანები საკუთარ თავს და პროფესიას შეისწავლიან.
– თქვენი სტუდენტები, რომლებიც მედიაში მოსვლას აპირებენ…
– ძალიან მოტივირებულები არიან. პირველივე ლექციაზე მე მათ ვუთხარი, რომ დასწრებაზე ქულას არ ვწერ. მედიის ყველა სფეროში, ყველა პოზიციაზე მაქვს ნამუშევარი. ვიცი, რას ნიშნავს, როცა ადამიანი მთელი დღე ერთ სიუჟეტზე დარბის. მიყვარს, როდესაც ადამიანში ვხედავ სურვილს, განვითარდეს და რაღაცას მიაღწიოს. ამიტომ, ჩემს სტუდენტებს სულ ვეუბნები, მთავარი არის მონდომება და შრომისმოყვარეობა, ადამიანს ჰქონდეს განათლების მიღებისა და გაცემის სურვილი.  თუ ლექციაზე არ დადიხარ და პრაქტიკულ საქმიანობაში ჩართული არ ხარ, ამით შენ, სტუდენტი კარგავ. ვცდილობ, ბევრ პროექტში იყვნენ ჩართულნი, მიიღონ კონკურსებში მონაწილეობა. თუ, გადაწყვიტე, იყო ჟურნალისტი, ეს ითხოვს  ძალიან დიდ თავდადებას და შრომისმოყვარეობას.
გარდა ამისა, არ შეიძლება გაიყიდო. ერთხელ თუ ფასს დაგადებენ, ის ღირხარ.  თუ ჟურნალისტი თავისუფალი არ არის, მას თუ თავისუფალი ნება არა აქვს, ძალიან საცოდავია ასეთი „ ჟურნალისტი“.
ძალიან სუსტია რეგიონული მედიები და მათაც წამოწევა სჭირდებათ. ისინი უნდა ფინანსდებოდნენ  თავისუფალი ბიზნესიდან შემოსული ფულით, რომელიც არაა მიბმული პოლიტიკურ ინტერესებზე. არ არის აუცილებელი, ყველამ დედაქალაქში მოიყაროს თავი. არის აუთვისებელი მედია რეგიონებში, სადაც საინტერესოა, როგორია კულტურული, პოლიტიკური ცხოვრება. თავი უნდა დაიმკვიდრონ იქ, სადაც თავისუფალი ნიშაა და არა წამყვან ტელევიზიაში.
– თუმცა, საქართველოში მაინც რთულია, პროფესიით მუშაობის გაგრძელება…
– უნდა ვთქვა, რომ ქართული მედია კორუპირებულია. როდესაც, ადამიანები თანამდებობის პირებად ინიშნებიან, მოდიან და აცხადებენ: მე ჩემი გუნდი მყავს. ვთვლი, რომ ეს ძალიან ცუდი თვისებაა. შენ უნდა შეგეძლოს მოცემულ გუნდთან მუშაობა. სწორედ ეს არის კარგი მენეჯმენტი, კომუნიკაციის კარგი უნარი, სწორი გადანაწილება, ადამიანური რესურსის შექმნა, ადგილზე მათი კვალიფიკაციის ამაღლება. სწორი პოლიტიკა და ხედვა. აუცილებელია თქვენი საჭიროება დაანახოთ ადამიანებს. 18 სამსახური გამოვიარე და მხოლოდ ორგან მყავდა ადამიანი, რომლებმაც რეკომენდაცია გამიწიეს. შემდეგ უკვე საკუთარი შრომით მივაღწიე ყველაფერს.
მედიაში უნდა იყვნენ ადამიანები, რომლებმაც იციან მედია. სუსლოვი ამბობდა: თქვენ წარმოგიდგენიათ, რომ მე დილით გაზეთი გადავშალო და იქ გავიგო, რა წერია? მას წინასწარ უნდა სცოდნოდა. მომხმარებლური დამოკიდებულება ჟურნალისტიკისადმი, თანამედროვე ჟურნალისტების და ჟურნალისტიკის ბრალიც არის, იმიტომ რომ ისინი ადვილად მიებნენ პოლიტიკას.
– როგორც არ უნდა იყოს, საქართველოში ყველაფერი პოლიტიზებულია…10487601_795619630487091_7765891321073285175_n
– იმიტომ, რომ მედიაში არ არსებობს თავისუფალი ფული. ვინც მედიას ფლობს, მას აქვს თავისი პოლიტიკური, ეკონომიკური ინტერესი. ეს პრობლემა არის, მაგრამ სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებაში მედიას ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის. ამაში თავის როლს აუცილებალდ ითამაშებს სოციალური მედია, რომელშიც ნაკლებია თვითცენზურა, ადამიანები წერენ იმას, რასაც ფიქრობენ და თვლიან საჭიროდ, რომ უნდა თქვან. ეწინააღმდეგებიან თუნდაც ოფიციოზს, ეს განვითარდება და მოიტანს თავის შედეგს. თუმცა, ყველა ქვეყანაში არის სამთავრობო  და ალეტრნატიული მედია. არის რაღაც ღირებულებები, რომლებიც ორივე მხარემ უნდა დაიცვას.  საუბარია ფუნდამენტურ ღირებულებებზე და ეთიკის კოდექსზე.  მე მახსოვს, 2000 წელს, წყნეთში ერთ-ერთ ოჯახში ერთადერთი შვილი გაიტაცეს. ავედი, გავაკეთე სიუჟეტი. მანქანაში რომ ვჯდებოდი, შუახნის  კაცი მოვიდა და მითხრა: მე გამტაცებლებთან მაქვს კომუნიკაცია, და თუ თქვენ სიუჟეტს გააკეთებთ, ჩათვალეთ, რომ შვილს დავკარგავ. 67 წლის ვარ და სიბერეში შეგვეძინა ეს გოგონა. ტელევიზიაში რომ მივედი, უფროსს ვუთხარი, არ ღირდა ამ ფაქტზე სიუჟეტის გაკეთება. სიუჟეტი 9 საათზე სხვა ტელეკომპანიის ეთერით გავიდა, მე კი 100 ლარით დავჯარიმდი, რადგან არ მქონდა თემა. როცა ხელფასი 450 ლარი მქონდა. ხვდებით, ალბათ, რამხელა იყო სანქცია, მაგრამ ეს სიუჟეტი რომ გამეკეთებინა, მე მორალური სანქცია მექნებოდა. მას შემდეგ 14 წელი გავიდა და იმ გოგოს დღემდე ეძებენ. სამი წლის წინ შემხვდა მამამისი, რომელიც თურქეთში ერთ-ერთ დაწესებულებაში ეძებდა შვილს. ამიტომ, შენ უნდა გქონდეს მორალური კრიტერიუმები, რა გააკეთო და რა არა. ღირებულებების მატარებელი ყველა ადამიანია საკუთარ თავში. გაზეთის რედაქტორი რომ ვიყავი, არასდროს აზრად არ მომსვლია, პირველ გვერდზე გამომეტანა კარიკატურა, რომლითაც თუნდაც, ერთ ადამიანს მივაყენებდი შეურაცხყოფას.
– პირადი ცხოვრება და ჟურნალისტიკა როგორ ებმება ერთმანეთს?
– ძალიან ძნელად. რეალურად, შენ არ იცი, სახლიდან როდის გადიხარ და, შესაბამისად, არ იცი, როდის დაბრუნდები. არადა, ოჯახი გულისხმობს იმას, რომ გარკვეული პერიოდი სახლში უნდა იყო. რთულია, ამ ყველაფრის ერთმანეთთან შეჯამება. ამას სჭირდება ძალიან დიდი მენეჯმენტი, რომ დაგეგმო. როგორც სამსახურში ხარ ჩვეულებრივი თანამშრომელი, დღეს ვხვდები, რომ ზუსტად ასეთივე დამოკიდებულება უნდა გქონდეს ოჯახისადმი. ოჯახიც გარკვეული სამსახურია, სადაც გარკვეული ვალდებულებები გაქვს. ამიტომ, მე ყოველთვის ვცდილობ, ჩემს თანამშრომლებს არ შევუქმნა დისკომფორტი. თავის დროზე ჩემს ერთ-ერთ ხელმძღვანელს ასეთივე დამოკიდებულება რომ ჰქონოდა ჩემს მიმართ, ჩემი პირადი ცხოვრება სხვანაირად წარიმართებოდა. ადამიანები, მხოლოდ შენი თანამშრომლები არ არიან, სადღაც ცოლები და ქმრები არიან. შესაბამისად, მათ უნდა დაუტოვო ნება, დრო და ნერვები იმისთვის, რომ ოჯახიც შეინარჩუნონ.
საერთო ჯამში, ჟურნალისტიკა ძალიან საინტერესო პროფესიაა და 100-ჯერ რომ დავიწყო ცხოვრება თავიდან, ისევ იმ გზას გავუყვებოდი, რომელიც ჟურნალისტიკამდე მიმიყვანდა.

მზევინარ ხუციშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები