საგზაო მოძრაობისა და უსაფრთხოების შესახებ სემინარი გაიმართა

სასტუმრო „შენატონ მეტეხი პალასში“ საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ სემინარი გიმართა. სემინარი ნიდერლანდების სამეფოს ელჩიმა, ჰანს ჰორბახმა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, დავით ნარმანიამ გახსნეს. სემინარი მოაწყო ნიდერლანდების სამეფოს საელჩომ საქართველოში, არასამთავრობო ორგანიზაციებთან – „ევროპის სახლი“ და პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის“ ერთად. სპეციალურად ამ სემინარში მონაწილეობის მისაღებად თბილისში ჰოლანდიელი ექსპერტები ჩამოვიდნენ.
შეხვედრა მიზნად ისახავდა ექსპერტებისა და დაინტერესებული ბიზნესპარტნიორების გამოცდილების გაზიარებასა და მსჯელობას, საქართველოში საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით. სემინარზე საქართველოში არსებული საგზაო ინფრასტრუქტურის შესახებ პრეზენტაცია გააკეთეს საგზაო დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ნუგზარ გასვიანმა, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ნათია მიქელაძემ, ნიდერლანდების ინფრასტრუქტურისა და საგზაო უსაფრთხოების ექსპერტმა, ჰანს ხოტხელფმა. ამავე შეხვედრაზე საგზაო უსაფრთხოების სფეროში წამყვანი ჰოლანდიური კომპანიების წარმომადგენლებმა ისაუბრეს საგზაო უსაფრთხოების სხვადასხვა ასპექტებზე, საგზაო უსაფრთხოების წესების დაცვაზე, მენეჯმენტზე, პროგრამულ უზრუნველყოფასა და მობილურობის გაზომვის სისტემებზე.
„პოლანდიური გამოცდილების გაზიარება ჩვენი სამსახურებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია რათა უფრო მეტი ვისწავლოთ და მეტად გავითვალისწინოთ საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობასთან დაკავშირებული საკითხები, რომ რისკები მინიმუმამდე იქნას შემცირებული,“ – განაცხადა დავით ნარმანიამ.
დღესვე, მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ სემინარი გაგრძელდება ევროპის სახლში, სადაც ნიდერლანდების სამეფოს ელჩის, ჰანს ჰორბახის, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ლევან იზორიასა და პროფესორ ფრედ ვეხმანის გამოსვლების შემდეგ, საგზაო უსაფრთხოების თემისადმი მიძღვნილი გამოფენა „A-დან B-მდე“ გაიხსნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები