საქართველოს სასათბურე მეურნეობების მეოთხე ფორუმი გაიმართა
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით ნატროშვილი სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივის (EPI) ორგანიზებით გამართულ სასათბურე მეურნეობების მეოთხე ფორუმს დაესწრო.
ფორუმზე მისასალმებელი სიტყვით წარდგნენ USAID-ის კავკასიის მისიის დირექტორი სტეფან ჰაიკინი, საქართველოში ევროკავშირის მისიის სოფლის მეურნეობის და სურსათის უვნებლობის ატაშე ხუან-ხოსე ეჩანოვე, EPI-ის ექსპერტი დევიდ დუმარესკი, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით ნატროშვილი და საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიგლა აგულაშვილი. ფორუმის მიზანია, სასათბურე მეურნეობების განვითარების გზით მოხდეს იმპორტირებული პროდუქციის ჩანაცვლება ადგილობრივი ნაწარმით, გაიზარდოს ბოსტნეულის მოყვანის წარმადობა, შეიქმნას დამატებითი სამუშაო ადგილები და მოხდეს ინვესტიციების მოზიდვა სასათბურე ინდუსტრიაში. წელს გაიმართა მეოთხე ფორუმი, რომელიც ყოველ წელს ასრულებს პლატფორმის ფუნქციას დარგში არსებული მოთამაშეებისა და საჯარო და კერძო სექტორში დაინტერესებული პირების დასაკავშირებლად.
სასათბურე მეურნეობების მეოთხე ფორუმმა ინდუსტრიის 120-ზე მეტ მონაწილეს, მათ შორის სასათბურე მეურნეობის ოპერატორებს, ტექნიკისა და ტექნოლოგიების მომწოდებლებს, ფინანსურ ინსტიტუტებსა და მთავრობის წარმომადგენლებს უმასპინძლა. ღონისძიება ხელს უწყობს სასათბურე მეურნეობების სექტორში ჩართული მხარეების დაახლოებასა და სექტორის გაძლიერებას. ფორუმზე განიხილეს სასათბურე მეურნეობების აუდიტის შედეგები, დაფინანსებისა და ინვესტირების საკითხები, საცალო ქსელების მოთხოვნები სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის თვალსაზრისით, აგრეთვე – სექტორთან დაკავშირებული სხვა ტექნიკური საკითხები. ფორუმის ფარგლებში გაიმართება კონკურსი – „საუკეთესო სასათბურე პომიდორი“. კონკურსში გაიმარჯვა გორის სასათბურე მეურნეობამ, რომლის წარმოებულმა პომიდორმა ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო.