GNCC-ის კომისიის თავმჯდომარის არჩევის წესი იცვლება

  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (GNCC) თავმჯდომარის ახალი წესით არჩევასთან დაკავშირებით „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულებაში“ ცვლილების შეიტანას გეგმავს. ცვლილებების შეტანა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტის თანამდებობაზე ინაუგურაციის შემდეგ ამოქმედებულმა ნორმებმა განაპირობა. კანონდმებლობის მიხედვით, კომისიის თავმჯდომარეს პრეზიდენტი აღარ ნიშნავს – კომისიის წევრები თავად წყვეტენ ვინ იქნება კომისიის თავმჯდომარე. დებულების პროექტს კომისია 27 თებერვალს განიხილავს, დასამტკიცებლად კი 10 დღიანი ვადა ექნება. კომისია კომისიის თავმჯდომარეს საკუთარი შემადგენლობიდან ხმათა უმრავლესობით (მინიმუმ 3 ხმით) 3 წლის ვადით აირჩევს. კომისიის არჩეული თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადა დაიწყება წინა თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადის გასვლის მომდევნო დღეს. კენჭისყრის შედეგად კომისიის თავმჯდომარის ვერ არჩევის შემთხვევაში, არჩევნები ჩაშლილად ჩაითვლება, თავმჯდომარის უფლებამოსილების შესრულება კომისიის უხუცეს წევრს მოუწევს და არჩევნები 1 თვის განმავლობაში ხელახლა გაიმართება.
კომისიის თავმჯდომარის გადაყენების უფლება კომისიის უმრავლესობას შეეძლება. ამ შემთხვევაში თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი მინიმუმ ორმა კომისიონერმა ერთობლივი წერილობითი მოთხოვნით უნდა დააფიქსირონ. კომისია ამ საკითხს მოთხოვნის წარდგენიდან 10 კალენდარულ დღეში განიხილავს. იმ შემთხვევაში, თუ კომისია არ გადააყენებს თავმჯდომარეს, ამ საკითხის დაყენება უახლოესი 3 თვის განმავლობაში შეუძლებელი იქნება.
„მაუწყებლობის შესახებ“ 2013 წლის 27 სექტემბერს შესული ცვლილებების ამოქმედებამდე კომუნიკაიცების ეროვნული კომისიის თავმჯდომარეს საქართველოს პრეზიდენტი ერთპიროვნულად ამტკიცებდა. დღევანდელი მდგომარეობით კომუნიკაციების კომისიას 4 კომისიონერი ჰყავს – კომისიის თავმჯდომრის მოვალეობის შემსრულებელი – აკაკი სიხარულიძე, ირაკლი მოსეშვილი, სოფიო ბრიტანჩუკი და კახი ბექაური. ეს უკანასკლნელი საქართველოს პარლამენტმა რამდენიმე კვირის წინ დაამტკიცა კომისიონერის თანამდებობაზე. კვლავ ვაკანტურია 5 წევრიანი კომისიის ერთი კომისიონერის თანამდებობა. ამ თანამდებობაზე დასამტკიცებლად პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი პარლამენტისთვის წარსადგენად სამ კანდიდატზე – ვახტანგ (ვატო) აბაშიძეზე, ხათუნა მაისაშვილსა და ვახტანგ ხუნდაძეზე შეთანხმდნენ.

წყარო: media.ge

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები