შსს-ს ლატვიელი ექსპერტები ეწვივნენ
საქართველოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ევროკავშირის პროექტ „ტექნიკური დახმარების ინსტრუმენტის“ (TAIEX) ფარგლებში, ლატვიის რესპუბლიკის სახელმწიფო პოლიციის კოლეჯის ექსპერტები ეწვივნენ.
შსს-ს პოლიციის აკადემიაში ღონისძიების გახსნას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი შალვა კვინიხიძე, პოლიციის აკადემიის რექტორი ნუკრი გელაშვილი და ლატვიის ელჩი საქართველოში ელიტა გაველე ესწრებოდნენ.
შს სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის დროს ლატვიელმა ექსპერტებმა მასების მართვის სამართლებრივი საფუძვლები, სპეციალური ღონისძიებების დროს პოლიციის როლი, მათ შორის რისკების შეფასება, ორგანიზატორებთან თანამშრომლობა, ასევე, ადამიანის უფლებების დაცვა, სპორტული ღონისძიებების ხელმძღვანელობა და პოლიციელებისთვის ტრენინგების ჩატარების საკითხები განიხილეს.
ექსპერტებმა ასევე პოლიციის იმ დანაყოფების მუშაობის სპეციფიკაზე ისაუბრეს, რომლებიც ლატვიაში მასების მართვის საკითხებზე არიან პასუხისმგებლები. ტრენინგში შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის, საპატრულო პოლიციის და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.