„როსნეფტის“ მფლობელობაში ფოთის პორტის ნავთობტერმინალი და „გალფის“ გასამართი სადგურების ნაწილი გადადის

რუსული ენერგოკომპანია “როსნეფტი” ქართველი ბიზნესმენის, დავით იაკობაშვილის კუთვნილი “პეტროკას ენერჯის” აქციების 49%-ს შეიძენს.
ამასთან, კომპანიამ საბოლოო დოკუმენტს ხელი უკვე მოაწერა, რომლითაც “როსნეფტის” პროექტების რეალიზაციის მიზნით სამხრეთ კავკასიაში ერთობლივი საწარმოს შექმნა იგეგმება.
რუსული მედიის ინფორმაციით, „როსნეფტის“ მფლობელობაში ფოთის პორტის ნავთობტერმინალი და „გალფის“გასამართი სადგურების ნაწილი გადავა. აღსანიშნავია, რომ აქციათა საკონტროლო პაკეტი კვლავ დავით იაკობაშვილს ეკუთვნის.
„ჩვენ მოხარულები ვართ იმ შესაძლებლობებით, რომლებიც გაჩნდება ამ გარიგებით. გარიგება „პეტროკასის“, როგორც რეგიონალური საკვანძო მოთამაშის, წარმატების დასტურია. ის ყველა აქციონერს სარგებლის ნახვის შესაძლებლობას მისცემს და სამხრეთ კავკასიის ენერგეტიკული დერეფნისა და რეგიონის სტრატეგიულ მნიშვნელობას დაადასტურებს“, – განაცხადა იაკობაშვილმა.
ცნობისთვის, დავით იაკობაშვილის კომპანია “პეტროკას ენერჯის” ნავთობის და ნავთობპროდუქტების ვაჭრობით და გადაზიდვებით არის დაკავებული. კომპანია საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანსა და ყაზახეთში 140-მდე ავტოგასამართ სადგურს, ფოთში კი ორ ნავთობტერმინალს განაგებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები