ტრამპმა განაცხადა, რომ „მშვიდობის საბჭომ“ ღაზას სექტორისთვის 7 მილიარდი დოლარი შეაგროვა

U.S President Donald Trump speaks at the inaugural Board of Peace meeting at the U.S. Institute of Peace in Washington, D.C., U.S., February 19, 2026. REUTERS/Kevin Lamarque

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „მშვიდობის საბჭოს“ პირველ შეხვედრაზე განაცხადა, რომ მისი წევრები ღაზას სექტორის რეკონსტრუქციისთვის 7 მილიარდ დოლარს გამოყოფდნენ და გაეროს „გაძლიერების“ პირობა დადო.

ტრამპის თქმით, ყაზახეთი, აზერბაიჯანი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, მაროკო, ბაჰრეინი, კატარი, საუდის არაბეთი, უზბეკეთი და ქუვეითი ღაზას სექტორისთვის დახმარების პაკეტში 7 მილიარდ დოლარზე მეტს შეიტანენ.

ინდონეზია, მაროკო, ალბანეთი, კოსოვო და ყაზახეთი ღაზაში სიტუაციის სტაბილიზაციისთვის სამხედრო და საპოლიციო ძალებს გამოყოფენ.

ტრამპმა დასძინა, რომ ეგვიპტე და იორდანია პალესტინის პოლიციის ძალებს დახმარებას უწევენ.

გარდა ამისა, შეერთებული შტატები „მშვიდობის საბჭოსთვის“ 10 მილიარდ დოლარს შესწირავს.

აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ „მშვიდობის საბჭო“ გარკვეულწილად „გააკონტროლებდა“ გაეროს, თუმცა მას არ დაუკონკრეტებია, თუ როგორ მოხდებოდა ეს.

„ჩვენ ვაპირებთ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გაძლიერებას. მათ დახმარება სჭირდებათ, მათ ფინანსური დახმარება სჭირდებათ. ჩვენ მათ ფინანსურად დავეხმარებით და უზრუნველვყოფთ, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაცია სიცოცხლისუნარიანი იყოს“, – თქვა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები