მუსიკისა და ცხოვრების ლაბირინთებში, ანუ ,,გაუნათლებელი მორწმუნე საშიში ადამიანია"
დღევანდელი ,,პერსონა“ ის იშვიათი გამონაკლისია, როცა პროფესიონალი საქართველოშივე ახერხებს საკუთარი ნიჭის რეალიზაციას და საამისოდ უცხო ქვეყანაში არ მიდის. პროფესიონალი ხმის რეჟისორი და გიტარისტია, არაერთ საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობდა და საქართველოში მრავალი საინტერესო მუსიკალური პროქტის ინიციატორი და ორგანიზატორია. თუმცა სანამ პროფესიონალი გახდებოდა, მარადიულ კითხვებზე პასუხის საძიებლად რელიგიური განათლებაც მიიღო, რადგან: ,,რწმენას განათლებაც უნდა ახლდეს, გაუნათლებელი მორწმუნე საშიში ადამიანია“…
– დავით, მოდი, ფანტაზიას მოვუხმოთ: თქვენი პერსონის მუსიკით წარდგენა რომ გთხოვონ, რომელ მელოდიას შეარჩევდით?
– ყველა ადამიანს საკუთარი შინაგანი მუსიკა გააჩნია. ზოგს ის ესმის, ზოგს არა… შინაგანი მუსიკის გამოხატვა სხვადასხვა ხერხით არის შესაძლებელი და არ არის აუცილებელი, ეს მაინცდამაინც მუსიკის ენით მოხდეს. თუმცა, ეს ენა, ალბათ ყველაზე “ზუსტი” იქნებოდა სხვა მეთოდებთან შედარებით… ეს მუსიკა ადამიანის ემოციური ანარეკლია, მისი განწყობაა, მისი დამოკიდებულებაა ამა თუ იმ საგნებისადმი. მუსიკა, რომელიც ყველაზე უკეთ “გამოხატავდა“ ჩემს შინაგან სამყაროს, მუსიკალური ავტოპორტრეტი იქნებოდა… მე ის ჯერ არ შემისრულებია, რადგან საკუთარ თავზე საუბარი ყველაზე ნაკლებად მსურს.. მაგრამ ალბათ ამ ინტერვიუს დროს მაინც მომიწევს…
– არჩევანი გიტარაზე რომ შეაჩერეთ, ეს ოჯახურმა ტრადიციამ განაპირობა?..
– ტრადიცია იმას ნიშნავს, რომ ოჯახში ტრადიციულად თაობიდან თაობას გადაეცემა ესა თუ ის პროფესია. ჩემს შემთხვევაში ასე არ არის. არც ჩემი მამა, არც პაპა და არც სხვა რომელიმე წინაპარი მუსიკოსი არ ყოფილა. ერთადერთი მუსიკოსი ბიძა – ვახტან ხოსიტაშვილია. მისი როლი ძალიან დიდია იმაში, რომ დღეს მუსიკოსად ვიწოდები და მე მისი მადლიერი ვარ. ცხადია, დიდი იყო ხელშეწყობა ოჯახშიც, და რომ არა დედის დიდი ძალისხმევა და მონდომება, ალბათ ამ გზას ვერ შევინარჩუნებდი. 5 წლის ვიყავი, როდესაც პირველად მიმიყვანეს კლასიკური გიტარის პედაგოგთან – ალექსანდრე გალუსტოვთან. მას შემდეგ კლასიკური გიტარა ჩემი განუყრელი ორგანული ნაწილი გახდა.
– უცხო ენის შესწავლაც უცხოურ მუსიკალურ სამყაროსთან მისაახლოებლად გადაწყვიტეთ?
– ალბათ არის ცხოვრებაში ნაბიჯები, რაც ლოგიკური და გამართლებულია და ისეთებიც, რომელთა არსებობაც დამატებით კითხვებს ბადებს. სიმართლე რომ ვთქვა, დღემდე არ ვიცი, “უცხო ენებში” ჩაბარება რამ გადამაწყვეტინა… ჩემგან ალბათ კონსერვატორიას უფრო მოელოდნენ, მაგრამ მაშინ აკადემიური მუსიკის მიმართ სხვაგვარი განწყობა მქონდა. მიმაჩნდა, რომ კონსერვატორია და მსგავსი სასწავლებლები ჩარჩოებში აქცევდნენ ხელოვან ადამიანებს, ,,შტამპავდნენ“ და მათ შემოქმედებითი სულისგან ცლიდნენ. გარკვეულწილად, ეს აზრი დღემდე მომყვება, თუმცა, ხანდახან ვნანობ, რომ კონსერვატორიის ნაცვლად უცხო ენის კათედრა ავირჩიე. ეს არ იქნებოდა ჩემთვის იდეალური არჩევანი, მაგრამ უცხო ენის ინსტიტუტის ალტერნატივა ნამდვილად იქნებოდა. იქ ხეირიანად არც მისწავლია და ჩემი საქმიანობა ყოველთვის მუსიკის გარშემო ტრიალებდა. ვერ ვიტყვი, რომ იქ სწავლის პერიოდი დაკარგული წლები იყო, რადგან ყველაზე არასასურველ გარემოშიც კი შეიძლება მიიღოს ადამიანმა ცხოვრებისეული გამოცდილება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, იმ დროს ცოტა მეტი სიბრძნე რომ მქონოდა, ალბათ უკეთეს გზას ვიპოვიდი. ერთ რამეს კი ნამდვილად ვაფასებ – ეს იყო ჩემი თავისუფალი არჩევანი და ამ სასწავლებელში არავის ზეგავლენითა თუ ზეწოლით არ ჩამიბარებია.
– ამის შემდეგ სასულიერო აკადემიაში ჩააბარეთ, შეიძლება ითქვას, რომ ეს მარტო ცოდნის შეძენის გზა კი არა, სულიერი მოთხოვნილებაც იყო?..
– არ აქვს მნიშვნელობა, რა პროფესიის არის ადამიანი, – მუსიკოსია, ექიმია, მძღოლია თუ ჟურნალისტი, თუკი ის მორწმუნეა, აუცილებლად უნდა აწუხებდეს კითხვები: რისთვის მოვიდა? საით მიდის? რა არის? ან სად არის ჭეშმარიტება? მეც სწორედ ამ კითხვებმა მიმიყვანა სასულიერო აკადემიაში. არის მომენტი, როდესაც ადამიანს უბრალოდ სწამს და მისთვის ეს საკმარისია, მაგრამ რწმენას განათლებაც უნდა ახლდეს. გაუნათლებელი მორწმუნე საშიში ადამიანია. თუკი ჩვენ გავაცნობიერებთ ამას, აუცილებლად გაგვიჩნდება სურვილი, უკეთ ვიცოდეთ, რისი გვწამს, უნდა ვიცნობდეთ საკუთარ რელიგიას, რადგან ბრმად კი არ უნდა მივდიოთ რომელიმე ადამიანის სიტყვებს, არამედ გაცნობიერებულად ვიცოდეთ, რატომ ვიქცევით ასე… სასულიერო აკადემიაში მქონდა იმის პერსპექტივა, რომ მიმეღო პასუხები, გააზრებულად მცოდნოდა ის ტექსტები თუ ფიზიკური მოქმედებები, რომლებიც ბევრისთვის მხოლოდ სავალდებულოდ შესასრულებელი დავალებებია. ცოდნა,- სიმდიდრეა, საღვთისმეტყველო ცოდნა კი,- ნამდვილი საუნჯე.
– …მერე თქვენს ცხოვრებაში გაჩნდა ,,მუზა” და მისი დახმარებით ბევრის მუზას გაუხსენით გზა… 200 – მდე ცოცხალი კონცერტი ჩაწერეთ...
– ჩემი მოხვედრა “მუზაში” შემთხვევით მოხდა. ყოველთვის მომწონდა ეს რადიო, დახვეწილ და გემოვნებიან მუსიკას უშვებდა. მოცარტისა და ბეთჰოვენის ნაწარმოებებს შორის არასოდეს გატენიდა საღეჭი რეზინისა თუ პამპერსების რეკლამას… ამიტომ ყოველთვის სიამოვნებით ვუსმენდი. არ ვიცი, რამ გადამაწყვეტინა იქ ჩემი მონაცემების გაგზავნა, რადგან არც ვაკანსია გამოუცხადებიათ და არც ვინმეს ურჩევია. უბრალოდ, ავდექი და გავაგზავნე ელექტრონულ ფოსტაზე. ერთ კვირაში დამირეკეს. სწორედ აქედან დაწყო ჩემი საკონცერტო ჩაწერების მარათონი. ბედნიერი ვარ, რომ მომეცა საშუალება, მემუშავა იმ ადამიანებთან, რომლებიც იქ დამხვდნენ, თუ შემდგომ მოვიდნენ. მართლაც, სიამოვნებაა მუშაობდე ადამიანებთან, რომლებსაც იმდენად უყვართ, რომ ცხოვრების ნაწილად გაუხდიათ საკუთარი საქმიანობა. ეს გარემო ერთიათად ზრდიდა მუშაობის მოტივაციას და შედეგიც შესანიშნავი გვქონდა. მეამაყება, რომ ჩემ მიერ “დამიქსული” ხმა არაერთხელ გამოუყენებია ტელეარხ “მეცოს” და ბედნიერი ვარ, რომ მიწევდა მუშაობა ისეთ დიდ მუსიკოსებთან, როგორეიც არიან: ელისო ვირსალაძე, ლიანა ისაკაძე, გია ყანჩელი, ვახტან მაჭავარიანი, ალექსანდრე კორსანტია, ლექსო თორაძე, ლევ მარკიზი, იოსებ ბარდანაშვილი და მრავალი სხვა… სამწუხაროა, რომ დღეს ეს რადიო იხურება, რადგან არც მთავრობა და არც კერძო სტრუქტურები არ იჩენენ იმის კეთილ ნებას, რომ ამ რადიოს გაქრობა არ დაუშვან… ამით ჩვენი ქვეყანა კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ კულტურა ნაკლებად ადარდებთ…
– თქვენი ცხოვრების ჟენევური და ამსტერდამული პერიოდი იყო...
– ჟენევაში და ამსტერდამში მეორე პროფესიის,- ხმის რეჟისურის უკეთ დაუფლების მიზნით გავემგზავრე. მადლიერება მინდა გამოვხატო ჩემი ბოლო სამსახურის – რადიო “მუზის” და მისი ხელმძღვანელობის მიმართ, რადგან სწორედ მათი მეშვეობით შევძელი, რომ ეს მეტად საჭირო გამოცდილება მიმეღო. ნამდვილად ბრძნულია ინვესტიცია, როდესაც საკუთარ თანამშრომელს აძლევ იმის საშუალებას, რომ კვალიფიკაცია აიმაღლოს და საქმე უკეთ შეისწავლოს. ალბათ არავინ იყო ჩემზე ბედნიერი იმ მომენტში, როდესაც ამსტერდამის “კონცერტღებაუს” უმშვენიერესი დარბაზის სხვენში დავდიოდი ამავე დარბაზის მთავარ ხმის რეჟისორთან ერთად და დარბაზისკენ დაშვებულ მიკროფონებს ვათვალიერებდი. თვალით მივყვებოდი წვრილ კაბელებს, რომლებსაც ხმის რეჟისორის კაბინამდე მიჰყავდა და იქ ციფრულ ფორმატში ფიქსირდებოდა ვაგნერის “ტანჰოიზერის” უვერტიურა მარის იანსონსის დირიჟორობით. ეს ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ამაღელვებელი მომენტი იყო ჩემს ცხოვრებაში. იყო ჟენევის რადიოსა და ტელევიზიაში გატარებული დღეებიც, სადაც ჩემი მეგობარი და მასწავლებელი – ჟენევის ტელევიზიის ხმის ოპერატორი რაფაელ კროჰასი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ტელეცენტრის ლაბირინთებში დამატარებდა. ჩემთვის ხმის ჩაწერა ისეთივე შემოქმედებითი პროცესია, როგორც მუსიკის შესრულება…
– თქვენ კლასიკური გიტარის შემსრულებელთა პირველი რესპუბლიკური კონკურსის დამფუძნებელი ხართ… ამბავი ან საინტერესო მომენტი, რაც კონკურსის კულისებში მოხდა და პრესას გამორჩა...
– ძალიან მიყვარს ეს ინსტრუმენტი, მისი ტემბრი და რეპერტუარი. სწორედ ამან განაპირობა, რომ ჩემს მეგობართან და ძალიან კარგ მუსიკოსთან, ვაჩე ლალიაშვილთან ერთად გადაწყდა, კლასიკური გიტარის შემსრულებელთა კონკურსი ჩაგვეტარებინა. განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას გვმატებდა ის ფაქტიც, რომ კონკურსი ქვეყნის ისტორიის მანძილზე პირველად ტარდებოდა. კონკურსის წარმატებაში უდიდესი დამსახურება მეუღლეს, ნინო ჯანჯღავას და მეგობარსა და კოლეგას – ტატო ჯინჯიხაძეს მიუძღვით. რომ არა მათი ძალისხმევა, ალბათ არაფერი გამოვიდოდა. ვფიქრობ, კონკურსმა წარმატებით ჩაიარა, რადგან ის ძლიერი სტიმულატორი აღმოჩნდა ქართველი გიტარისტებისთვის, რომ საკუთარ თავზე უფრო მიზანდასახულად და აქტიურად ემუშავათ. მიზანიც ეს იყო – დაგვებრუნებინა კლასიკური გიტარისადმი ინტერესი, რომელიც ბოლო წლებში განელებული იყო. კონკურსი იმდენად კარგად იყო ორგანიზებული, რომ ექსცესებს, მოულოდნენ სიურპრიზებსა და კურიოზებს ადგილი არ ჰქონია. აქვე, მინდა, ვისარგებლო მომენტით და დავაანონსო, რომ გაზაფხულზე იგეგმება კლასიკური გიტარის ფესტივალი ყვარელში, სადაც სწორედ ჩვენს კონკურსში გამარჯვებული ლაურეატები და სხვა პროფესიონალი გიტარტისტები მიიღებენ მონაწილეობას. შესაძლოა, თავადაც გამოვიდე და დავუკრა.
– რა იწვევს თქვენს პიროვნულ პროტესტს?
– ყველაზე დიდ პროტესტს ჩემში არაპროფესიონალიზმი, უპასუხისმგებლობა, გაუნათლებლობა და უკულტურობა იწვევს. ალბათ ეს ის თვისებებია, რომელიც ყოველთვის უკან დახევს არა მარტო ამ ადამიანს, არამედ მის გარშემო მყოფთაც. ადამიანს აქვს თავისუფალი ნება, საკუთარ თავს რაც უნდა ის უქნას,- ეს მისი პირადი არჩევანი იქნება, მაგრამ როდესაც არაპროფესიონალიზმითა და უპასუხისმგებლობით სხვასაც ვნებს, ეს უკვე სცილდება მის პირად საქმეს. მიმაჩნია, რომ ჩვენს ქვეყანაში გაცილებით უკეთესი გახდება ცხოვრება, თუკი საზოგადოება მოითხოვს საკუთარი თავისგან, სხვისგან, მთავრობისგან, დარგის სპეციალისტებისგან, მედიისგან უფრო მეტ განათლებას, პროფესიონალიზმს, პასუხისმგებლობას და შინაგან კულტურას.
– დავით, ბევრი პროექტი განახორციელეთ… ფიქრობთ, რომ ის, რაზეც ,,გზის” დასაწყისში ოცნებობდით, ძირითადად, ასრულდა?
– ჩემი მიზნები რომ ამომწურავად ამესრულებინა, ალბათ დავასრულებდი კიდეც ცხოვრებას. მრავალი პროექტი განვახორციელე, მაგრამ ეს ზღვაში წვეთია, რისი გაკეთებაც მომავალში მინდა. ასე რომ, ჯერ ყველაფერი წინ არის.
– რა შემთხვევაშია ადამიანი პიროვნება?
– ვფიქრობ, ადამიანი პიროვნება ყოველთვის არის: ხანდახან ძლიერი, ხანდახან სუსტი… არსებობს გზა სრულყოფისკენ, რომელსაც იგი გადის და მასზეა დამოკიდებული, რამდენად კარგად გაივლის, რამდენ შეცდომას დაუშვებს, გაითვალისწინებს თუ არა ამ შეცდომებს და თუ ეყოფა, სიბრძნე სწორი გადაწყვეტილებების მისაღებად.
თეონა გოგნიაშვილი