ეროვნული სასახლის, გია ყანჩელის სახელობის თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი შემოდგომის საკონცერტო სეზონს ხსნის

,,ეროვნული სასახლის, გია ყანჩელის სახელობის თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი შემოდგომის საკონცერტო სეზონს ხსნის!”,- ამის შესახებ ინფორმაციას ,,ეროვნული სასახლე” ავრცელებს.

,,23 ოქტომბერს, ბეთჰოვენის საფორტეპიანო კონცერტს, რომელიც No.6 -ის სახელითაა ცნობილი (სავიოლინო კონცერტის საფორტეპიანო ვერსია), გია ყანჩელის სახელობის თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი, არაერთი საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულ, გამორჩეულ პიანისტთან, სანდრო გეგეჭკორთან ერთად შეასრულებს!

დირიჟორი – ვახტანგ გაბიძაშვილი

პროგრამაშია: ლ. ვ. ბეთჰოვენი – საფორტეპიანო კონცერტი No.6, Op. 61a, D dur ი. ჰაიდნი – სიმფონია No.94 „სიურპრიზი“, G dur

ორკესტრის შესახებ: გია ყანჩელის სახელობის თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი 2019 წელს დაარსდა ეროვნულ სასახლეში, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით. ორკესტრის მთავარი მიზანია ახალგაზრდა მუსიკოსებს განუვითაროს შემოქმედებითი ტალანტი და შესძინოს მათ ის აუცილებელი უნარ-ჩვევები, რაც მაღალი რანგის პროფესიული ორკესტრის მუსიკოსად ჩამოყალიბებისთვისაა საჭირო. დაარსების დღიდან ორკესტრმა ჩაატარა 30-ზე მეტი კონცერტი, როგორც თბილისსა და საქართველოს რეგიონებში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. თაო-მ ითანამშრომლა ისეთ დირიჟორებთან და სოლისტებთან, როგორებიც არიან: ვახტანგ კახიძე, გოგი ჭიჭინაძე, გოგი ბაბუაძე, ანდრეი ბორეიკო, კლაუდიო ვანდელი, ფუად იბრაჰიმოვი, ანა მერედითი, კორნილიოს მიჰაილიდისი, დიანა იმერი-ილკოსკა, პაავო იარვი, სტათის კარაპანოსი, ანასტასია კობეკინა, პოლინა ოსეტინსკაია, თამარ ლიჩელი, ლუკა ოქროსი, დავით ალადაშვილი, ნინო და თამარ ჟვანიები, ლია პეტროვა, ლუი შვიცგებელ, ბრიუს ლიუ, ისაკ რიხარდსონი, ვერიკო ჭუმბურიძე, გიდონ კრემერი, ცოტნე ზედგინიძე, ელისო ვირსალაძე და სხვა. ორკესტრი ხშირად უთმობს სცენას ახალგაზრდა ქართველ დირიჟორებსა და შემსრულებლებს, მათ შორის: კახი სოლომნიშვილი, ლევან ჯაგაევი, სოსო ჯუღაშვილი, სანდრო ნებიერიძე, სანდრო გეგეჭკორი, გიორგი გიგაშვილი, ელმირა აივაზიანი. ორკესტრის რეპერტუარი მოიცავს საორკესტრო ქმნილებებს ბაროკოდან – თანამედროვე ეპოქამდე, სადაც მნიშვნელოვანი წილი უკავია ეროვნული საკომპოზიტორო სკოლის პოპულარიზაციას.
ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორია მირიან ხუხუნაიშვილი.
დასაწყისი 19:30 ეროვნული სასახლის პირველი რესპუბლიკის დარბაზი”,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები