ლიეტუვის თავდაცვის მინისტრმა თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო

ლიეტუვის თავდაცვის მინისტრმა დოვილე შაკალიენემ განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრ ინგა რუგინიენეს კრიტიკის შემდეგ, მან გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა ამ საკითხს თავდაპირველად პრეზიდენტ გიტანას ნაუსედეიასთან განიხილავს.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც პრემიერ-მინისტრმა საჯაროდ დააყენა ეჭვქვეშ მისი ხელმძღვანელობის უნარი და ნდობა.

მინისტრის თქმით, თუ მას პრემიერ-მინისტრ ინგა რუგინიენეს და სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერის, მინდაუგას სინკევიჩიუსის ნდობა არ ექნება, მაშინ მთავრობაში მის მუშაობას აზრი არ ექნება.

“მე ლიეტუვის პრეზიდენტს შევუთანხმდი, რომ პრემიერ-მინისტრს ჩემს განაცხადს მასთან საუბრის გარეშე არ წარვუდგენდი. მაქვს განაცხადის პროექტი და დღეს პრეზიდენტს დაველაპარაკები. ჯერჯერობით, ვერ ვხედავ რაიმე მიზეზს, თუ რატომ შეიძლება ამან შეცვალოს ჩემი გადაწყვეტილება, რადგან ეს პოლიტიკაა“, – განუცხადა შაკალიენემ ჟურნალისტებს.

შაკალინეს თქმით, მან ყველა ღონე იხმარა იმისათვის, რომ ლიეტუვის თავდაცვა სათანადოდ დაფინანსებულიყო და თავდაცვის ძალები რაც შეიძლება სწრაფად გაძლიერებულიყო.

როგორც მედია აღნიშნავს, შაკალიენესა და მთავრობას შორის უთანხმოება თავდაცვის ინდუსტრიის მართვის საკითხს და 2026 წლის ბიუჯეტის გარშემო წარმოქმნილ დაპირისპირებას უკავშირდება. ცოტა ხნის წინ მთავრობამ თავდაცვის სამინისტროს ამ მიმართულების ზედამხედველობა ჩამოართვა, რაც დამატებითი დაძაბულობის მიზეზი გახდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები