„ხატვის დროს ფანქარი მიჭირავს, თან მემღერება და ხმამაღლა ვმღერი“ – 8 წლის მრავალმხრივ ნიჭიერი ანა ასანიძე

მხოლოდ მესამე კლასშია, 8 წლისაა და უკვე მრავალნაირი ნიჭით გამოირჩევა – ხატავს, წერს, მღერის, ცეკვავს…
საგნებიდან – მენტალურ მათემატიკაზე თბილისის კონკურსში გაიმარჯვა და საერთაშორისო კონკურსშიც უნდა მიიღოს მონაწილეობა. შესანიშნავად ფლობს ინგლისურს.
 ოსტატურად აცხობს ნამცხვრებს, ტორტებს,  სწავლობს თოჯინების და კაბების კერვას,
უყვარს სპორტიც – ჭადრაკი, ცურვა, ფარიკაობა. თავის დაცვას სწავლობს…
„ზღაპრებს წერს და თან ხატავს – ჩემსავით…. აგებს არქიტექტორულ „შენობებს”  მუყაოსგან, ახალ-ახალ იდეებს აქსოვს. ამბობს, ინჟინერი უნდა გავხდე მამასავითო“, – გვიყვება ბებო, მწერალი თამარ გაბროშვილი. შემდეგ საინტერესო ჩანაწერებს გვიგზავნის ანა ასანიძეზე, შვილიშვილზე, უნიჭიერეს ბავშვზე.
ჩვენც ანას გავესაუბრეთ.

  ხატვა როდის შეგიყვარდა?  
– ორი წლისას უკვე მიყვარდა ხატვა.
რისი დახატვა გიყვარს ყველაზე მეტად?  შთაგონებ?
– ყველაზე მეტად მიყვარს ნატურმორტების ხატვა. ჩემი შთაგონების წყაროც, გარემოში მათი დანახვაა.
ჯერ მესამე კლასში ხარ და უკვე წარმატებებიც მოვიდა… შენი ნახატი ახლახან კატალოგშიც შევიდა. რა დახატე? როგორ ემზადებოდი ამ გამოფენისთვის?
– გამოფენაზე – „დედამიწის სამკაული“ , რომელიც ნათელა იანქოშვილის სახლ-მუზეუმში გაიმართა, წარვადგინე ნატურმორტი – ყვავილები. ნახატს „ბუნების საჩუქარი“ ვუწოდე, რომელიც კატალოგშიც შევიდა.– მენტალურ მათემატიკაში თბილისის კონკურსში გაიმარჯვე და  საერთაშორისო კონკურსშიც უნდა მიიღო მონაწილეობა. როგორ თავსდება ერთმანეთთან ხატვა და მათემატიკა?
– ხატვის დროს და ასევე მათემატიკის წერისას კალამი და ფანქარი მიჭირავს, თან მემღერება და ხმამაღლა ვმღერი.
 პირველად ვინ ნახულობს შენს ნახატს? ვის რჩევებს ითვალისწინებ?
– ნახატს პირველად ბებოს ვაჩვენებ. არავის რჩევას არ ვითვალისწინებ. რასაც ჩემი გონება მეტყვის, იმას ვხატავ.–  სკოლას დიდი დრო მიაქვს, სხვა საგნებიც უნდა ისწავლო… რომელი საგნები გიყვარს? როგორ ასწრებ სწავლას და სხვა გატაცებებისთვის დროის დათმობას?
– მიყვარს ხელოვნება, მოდული, ტექნოლოგიები, სპორტი. ყველაფერს ვერ ვასწრებ.
   საყვარელი მუსიკა? მხატვარი?
– ჩემი საყვარელი მუსიკოსი და მომღერალია ბარბარე ასანიძე, მხატვარი – ჩემი ბებო (თამარ გაბროშვილი).
ამჟამად  რის დახატვას აპირებ?
– ახალი წელი ახლოვდება და მინდა დავხატო თოვლის ბაბუა.
– თავისუფალი დრო თუ გრჩება?
თავისუფალი დრო თუ დამრჩა, ნამცხვრებს ვაცხობ და მეგობრებთან ვთამაშობ.
მომავალში რა პროფესიას აირჩევ?
– მომავალში მინდა, მამასავით, ინჟინერ ელექტრიკოსი გავხდე, მსოფლიოს  ყველა ქვეყანაში დენი უნდა  გავიყვანო და როცა დენი წავა, ჩაქრება, მოვიყვანო ხოლმე.

                                                                 ჩანაწერები ანა ასანიძეზე:

                                                                                 * * *

– მე კითხვა ჯერ არ ვიცი, მაგრამ თვალებში სკანერი მიყენია და იმით ვკითხულობ ხოლმე.

4 წლის ანა

                                                                                * * *

– მე ყველგან, ყველგან, – ხელებს იდებს, – ელემენტები მაქვს; როცა ხილს ვჭამ, ეს ელემენტები იმუხტებიან და მწვანედ ანათებენ. თუ საჭმელი მომაკლდა, წითლად ინთებიან… ამიტომ, სულ ჭამ და ვჭამ, რომ ელემენტები დავმუხტო…. – იცინის…

4 წლის

                                                                                  * * *
 ანა ძილის წინ ეუბნება დედას:
– დედამიწა იმიტომ გვიზიდავს, რომ ვუყვარვართ და უნდა, ახლოს ვყავდეთ. ის ყველას დედაა; მისი და სხვა პლანეტების დედა კი მზეა და ამიტომ დაჰყვებიან ყველანი. დედამიწას დანარჩენი პლანეტები ხან ეუბნებიან, ჩქარა იარეო, მაგრამ დედამიწა პასუხობს: – ვერა, ხალხი დამყავს, ჩქარა რომ ვიარო, თავბრუ დაეხვევათ და ძირს გადმომიცვივდებიან; მათ სიცოცხლეზე ვზრუნავო.

                                                                                * * *
 5 წლის ანამ „კოსმოსის ნაყინი“ დახატა, რომელიც ყურძნისგან და ღრუბლებისგანაა დამზადებული თურმე.

                                                                  ბებერი ვარსკვლავი

ანა უკვე დახელოვნებული მცხობელია. ყველაფერს თვითონ უმატებს, ურევს, ცომს ზელს, აბრტყელებს, ჭრის ფორმებით, რთავს და ა.შ.
ერთი ვარსკვლავი ცოტა დაჯღანული გამოვიდა.
– მოდი, ახლიდან გამოვჭრათ – შევთავაზე.
– არა, ეგ ბებერი ვარსკვლავია – მითხრა და მერე ბებერი ყვავილიც გამოჭრა…

5 წლის

                                                                     მთვარე კოსმოსში

ანა სახლში შემოვიდა თუ არა, ხელები არც კი ჰქონდა დაბანილი, კარადაში სახატავი დაფა დაინახა, გამოიღო, ცელოფანი შემოაცალა და თქვა:
– კოსმოსი უნდა დავხატო…
ლურჯ-იასამნისფერ სამყაროს მაღლა ნაცრისფერი მთვარე ჩაუხატა.
– შვილო, ოდესმე გინახავს ნაცრისფერი მთვარე? – ვკითხე გაკვირვებულმა.
– არ იცი? კოსმოსში მთვარე ნაცრისფერია.
– შენ იყავი იქ და ნახე? – ჩავეკითხე.
– არა, არ ვიყავი, მაგრამ  ვიცი, რომ ასეა! – მიპასუხა დამაჯერებლად.
როგორც მერე გავიგე, მართლა ასე ყოფილა.

7 წლის

                                                                            * * *

– ნახე, ამ პეპელას კოსმიური ფრთები აქვს…

7 წლის

„ხილი“ და „ბოსტნეული“

– მივხვდი, „ხილი“ იმიტომ იწყება ასო „ხ“- თი, რომ ხეზე ასხია და   „ხ“ – თი იწყება სიტყვა „ხე“ , ხოლო „ბოსტნეული“ იმიტომ იწყება ასო „ბ“ – თი, რომ ბალახებში ამოდის და „ბ“- თი იწყება სიტყვა „ბალახი“ – ასკვნის ანა.

8 წლის

]


                                                                                                          თამარ შაიშმელაშვილი

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები