ბრალდებულ კ. კოკაიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მას გაეწევა ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურება” – სპეციალური პენიტენციური სამსახური
სპეციალური პენიტენციური სამსახური ბრალდებულ კ. კოკაიას საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც ,,კვირა” უცვლელად გთავაზობთ:
,,სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება მორიგ ცრუ და ცილისმწამებლურ განცხადებას, რომელიც წარმოადგენს იმ მიზანმიმართული კამპანიის ნაწილს, რასაც პოლიტიკურად დაინტერესებული პირები თუ საინფორმაციო საშუალებები ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში აწარმოებენ და რომლის მიზანიც სპეციალური პენიტენციური სამსახურის რეპუტაციის შელახვაა.
ბრალდებული კ. კოკაია 2025 წლის 10 ოქტომბრიდან იმყოფება პენიტენციურ დაწესებულებაში. პენიტენციურ დაწესებულებაში შემოსახლებისთანავე მას ჩაუტარდა პირველადი სამედიცინო შემოწმება; 2025 წლის 13 და 16 ოქტომბერს, ასევე, ჩაუტარდა სკრინინგული, ლაბორატორიული კვლევები. მიღებული შედეგების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანი ცვლილებები არ აღინიშნება.
პარალელურად, სამედიცინო პერსონალის მიერ შესწავლილ იქნა მის მიერ წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაცია, რომლიდანაც ირკვევა, რომ ბრალდებულ კ. კოკაიას აღენიშნება გულის უკმარისობა III, ესენციური ჰიპერტენზია, აორტო-კორონარული შუნტის არსებობა, არასტაბილური სტენოკარდია, კორონარული ანგიოპლასტიკური იმპლანტანტისა და ტრანსპლანტანტის არსებობა. აღნიშნულის გათვალისწინებით, დაგეგმილია კარდიოლოგის კონსულტაცია.
აღსანიშნავია, რომ ბრალდებულს შეუფერხებლად მიეწოდა პენიტენციურ დაწესებულებაში შემოსახლებისას შემოტანილი მედიკამენტები და დაენიშნა შესაბამისი დიეტური კვება.
რაც შეეხება ბრალდებულის განცხადებას მხედველობისა და სათვალის საკითხთან დაკავშირებით, განვმარტავთ, რომ, ბრალდებულის გადმოცემით, მხედველობის გარკვეული პრობლემები აქვს მხოლოდ მარცხენა თვალში, 2025 წლის 25 ოქტომბერს დაგეგმილია ოფთალმოლოგის კონსულტაცია, რის შემდგომაც ბრალდებული უზრუნველყოფილი იქნება ექიმის მიერ დანიშნული როგორც სამედიცინო საშუალებებით, ისე ოპტიკური სათვალით.
რაც შეეხება ტემპერატურის მომატებას, ამ მხრივ ბრალდებულ კ. კოკაიას რაიმე სახის ჩივილით სამედიცინო პერსონალისთვის არ მიუმართავს. ამჟამად სხეულის ტემპერატურა ნორმალურია, რესპირატორული სიმპტომები არ ვლინდება. მას კიდევ ერთხელ განემარტა ექიმის მიერ, რომ, მდგომარეობის გამწვავების შემთხვევაში, მათ შორის, არტერიული წნევის მონიტორინგისთვის, უნდა მიმართოს სამედიცინო პერსონალს, რის შემდეგაც პარამეტრების გაზომვა მოხდება შეუზღუდავად.
ამ ეტაპზე ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მას მიეწოდება ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურება.
სპეციალური პენიტენციური სამსახური მოუწოდებს პოლიტიკურად ანგაჟირებულ ტელეკომპანიებსა და საინფორმაციო საშუალებებს, მაქსიმალურად შეიკავონ თავი მსგავსი ცილისმწამებლური, დაუსაბუთებელი და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან”,- წერია ინფორმაციაში.