რუისი-აგარის 3-კილომეტრიანი მონაკვეთი გაიხსნა
E60 ავტომაგისტრალის რუისი-აგარის 19- კილომეტრიან მონაკვეთზე დღეს 3 -კილომეტრიანი ახალი გზა გაიხსნა. აღნიშნული საავტომობილო გზა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ გიორგი ამაშუკელმა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, ვაჟა ფანჩულიძემ გახსნეს.
მაგისტრალის ამ მონაკვეთზე უკვე დასრულდა ბეტონის საფარის, ხიდებისა და ხელოვნური ნაგებობების მოწყობა. შესაბამისად, ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღნიშნულ მიმართულებაზე უკვე გადაერთო. რუისი-აგარის სამშენებლო მონაკვეთის სიგრძე, საერთო ჯამში, 19 კილომეტრია. პროექტი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 70 მლნ ლარს შეადგენს. სამუშაოებზე 500-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული, მათგან 70% ადგილობრივია, ძირითადად- მიმდებარე სოფლების მცხოვრები.
პროექტით, აღნიშნულ გზაზე ორდონიანი გადაკვეთების მოწყობა, 5 გზაგამტარისა და 3 სახიდე გადასასვლელის აშენებაა გათვალისწინებული. შედეგად, საგზაო ქსელი იქნება მოდერნიზებული და თანამედროვე სტანდარტებს გაუთანაბრდება. გაიზრდება ავტოტრანსპორტის ნაკადის გამტარუნარიანობა და მოძრაობის უსაფრთხოების დონე.
E60 ავტომაგისტრალის რუისი-აგარის 5 კმ-იანი მონაკვეთი მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში გაიხსნა. დარჩენილ მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოები აქტიურად გაგრძელდება. მშენებლობა კი 2015 წელს დასრულდება.