საქართველოს მასშტაბით 81 ახალი ამბულატორიის მშენებლობა იწყება

  საქართველოს მასშტაბით 81 ახალი მბულატორიის მშენებლობა იწყება, რისთვისაც საქართველოს მთავრობამ 2,4 მილიონი ლარი გამოყო.
როგორც „კვირას“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, ამბულატორიებს მუნიციპალიტეტების მიერ სპეციალურად შერჩეულ ტერიტორიაზე მუნიციპალური განვითარების ფონდი დაამონტაჟებს. პროექტს ინფრასტრუქტურის სამინისტრო ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად ახორციელებს.
სამინისტროს ინფორმაციით, ყველა ამბულატორია სტანდარტულია და ჯამში 31-33 კვ.მ-ია. შენობა მომზადებულია სენდვიჩპანელებისგან, რომელიც 2 გამათბობლითა და 2 სველი წერტილით აღიჭურვება. შენობის გარე და შიდა ინფრასტრუქტურა ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის. ამბულატორიების კონსტრუქციები საქართველოში იწყობა და მას ლილოში არსებულ ქარხანაში აწარმოებენ. მას შემდეგ, რაც მუნიციპალური განვითარების ფონდი შენობების ინფრასტრუტურის მოწყობას დაასრულებს, ამბულატორიები ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავა, აღიჭურვება და ადგილობრივ მოსახლეობას სამედიცინო მომსახურებას გაუწევს. ახალი ამბულატორიები მუნიციპალიტეტებში მიმდინარე კვირიდან დაიდგმება, რის შემდეგაც დაიწყება მათი აღჭურვა. გრაფიკის მიხედვით, 81 ამბულატორიის მშენებლობა ქვეყნის მასშტაბით 2014 წლის სექტემბერში დასრულდება. მათ შორის, ათი ამბულატორია გამყოფი ხაზის მიმდებარედ არსებულ სოფლებში დამონტაჟდება. პროექტის განხორციელებაში აქტიურად არიან ჩართული ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც ადგილზე საჭირო საკითხების მოგვარებას უზრუნველყოფენ. კერძოდ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები უზრუნველყოფენ ამბულატორიისთვის გამოყოფილ ტერიტორიაზე ფუნდამენტის მოწყობას, მიწისქვეშა კომუნიკაციების, წყლის, ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის ტერიტორიამდე მიყვანას. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ჯანდაცვის სამინისტროები პერმანენტულ მონიტორინგს განახორციელებენ, რათა ამბულატორიების მშენებლობის პროცესი დათქმულ ვადებში და ხარისხიანად განხორციელდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები