კვირიკაშვილმა სადახლო–ბაგრატაშენის სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე ახალი ხიდის მშენებლობას ხელი მოაწერა
ერევანში ვიცე–პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა სომხეთის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრთან გაგიკ ბეგლარიანთან ერთად ახალი, ერთობლივი ხიდის მშენებლობის შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი.
“მეგობრობის ხიდის“ მშენებლობის შესახებ შეთანხმების პარაფირება თბილისში, 11–12 დეკემბერს სომხეთის პრემიერ–მინისტრის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ორი ქვეყნის პრემიერ–მინისტრების მიერ მოხდა.
შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ გიორგი კვირიკაშვილი სომხეთის პრემიერ–მინისტრ, ოვიკ აბრამიანს შეხვდა.
“სომხეთში სამუშო ვიზიტის ფარგლებში შედგა შეხვედრა სომხეთის პრემიერ–მინისტრთან. ჩვენ ხელი მოვაწერეთ სომხეთის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრთან ერთად ხელშეკრულებას, რომელიც ითვალისწინებს სადახლო–ბაგრატაშენის ხიდის ერთობლივად მშენებლობას. ამ შეთანხმების პარაფირება საქართველოში, სომხეთის პრემიერ–მინისტრის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ორი ქვეყნის პრემიერ–მინისტრების მიერ მოხდა. დღეს, ასევე, გაიმართა სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებთან დაკავშირებით ქართულ-სომხური სამუშაო ჯგუფებს შორის კომისიის შეხვედრა, სადაც განიხილეს ორმხრივი ვაჭრობის საკითხები და ის, თუ როგორ უნდა ვიმოქმედოთ ჩვენ მას შემდეგ, რაც 2015 წლის 1 იანვრიდან სომხეთში ძალაში შედის საბაჟო კავშირში გაწევრიანების შემდეგ ახალი რეგულაციები და პროცედურები. ჩვენ შევთანხმდით, ყველაფერი გავაკეთოთ, იმისთვის, რომ არ დაზიანდეს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობები, საგარეო სავაჭრო ბრუნვა, რომელიც საქართველოს და სომხეთს აქვთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია შენარჩუნდეს ორივე ქვეყნის ეკონომიკისთვის”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.