„HELLADOS“-ის ილუსტრირებული, ფაქსიმილური გამოცემის პრეზენტაცია გაიმართება
26 დეკემბერს, 19:00-ზე, „თბილისი მოლში“, წიგნის საახალწლო ფესტივალზე ნოდარ დუმბაძის მოთხრობის „HELLADOS“ -ის ილუსტრირებული, ფაქსიმილური გამოცემის პრეზენტაცია გაიმართება. მხატვარი დეა სოსელიაა.
როგორც ნოდარ დუმბაძის მთელი შემოქმედება, მოთხრობა „HELLADOS“ დიდი სიყვარულითა და სითბოთია განმსჭვალული. ნაწარმოებში ნათლად ჩანს ორი მოზარდის – იანგულისა და ჯემალის ბრძოლა თვითდამკვიდრებისათვის. თუმცა მათი პაექრობა არასდროს სცილდება ადამიანურობის საზღვრებს და ყველაზე მძაფრ და გადამწყვეტ მომენტებში პერსონაჟები არ კარგავენ ერთმანეთის პატივისცემისა და დაფასების უნარს.
„სამშობლო უფრო ღრმადაა, უფრო შიგნით“ , – ამბობს ბერძენი იანგული და სწორედ ეს განცდა ეძახის მას სოხუმისკენ დასაბრუნებლად, როცა მამასთან და უამრავ ადამიანთან ერთად, გემით საბერძნეთში მიმავალი საბედისწერო გადაწყვეტილებას იღებს.