წიგნის საახალწლო ფესტივალი გაიმართება

25–28 დეკემბერს, სავაჭრო ცენტრ „თბილისი მოლის“ ტერიტორიაზე, წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია, წიგნის საახალწლო ფესტივალს გამართავს. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს 30-ზე მეტი გამომცემელი, წიგნის გამავრცელებელი და სხვა პარტნიორი ორგანიზაცია.
ღონისძიების ოფიციალური გახსნა 25 დეკემბერს, 13:00-ზე „თბილისი მოლის“ მთავარ სცენაზე გაიმართება.
ფესტივალის ფარგლებში, მონაწილეები ყველა ასაკის მკითხველს მხატვრულ, საბავშვო, სასწავლო და სამეცნიერო ლიტერატურაზე მნიშვნელოვან საახალწლო ფასდაკლებებს და სხვადასხვა სასაჩუქრე პაკეტს შესთავაზებენ.
„თბილისი მოლის“ ტერიტორიაზე, ფესტივალის დღეებში, ახალი წიგნების პრეზენტაციები მოეწყობა, სადაც კითხვის მოყვარულებს ავტორებთან შეხვედრისა და დიალოგის საშუალება ექნებათ. პატარა ასაკის მკითხველებისთვის კი, დაგეგმილია გასართობი ღონისძიებები და სხვა სიურპრიზები.
წიგნის საახალწლო ფესტივალის მთავარი სიახლე მისი მასშტაბურობაა. ფესტივალის მიმდინარეობისას არა მხოლოდ დედაქალაქის, არამედ მთელი საქართველოს მოსახლეობას საშუალება ექნება, საფესტივალო ფასდაკლებით ისარგებლოს ღონისძიების პარტნიორ წიგნის მაღაზიებსა და მათ რეგიონულ ფილიალებში: „ბიბლუსი“, „ლიბრა“, „პროსპერო“, „წიგნები ვაკეში“, „წიგნები ბათუმში“.
წიგნის საახალწლო ფესტივალის მიზანი საქართველოში წიგნიერებისა და განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდა და საახალწლოდ, ოჯახის წევრებისთვის, მეგობრებისა და ძვირფასი ადამიანებისთვის წიგნის ჩუქების ტრადიციის დამკვიდრებაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები