შსს-ს უბნის ინსპექტორებმა იმერეთში ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საინფორმაციო ბუკლეტები დაარიგეს
შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს შს მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძის ინიციატივით დაწყებულ, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სოციალურ კამპანიას – „არა ძალადობას!“.
უწყების პრესსამსახურის ცნობით, აღნიშნული კამპანიის ფარგლებში, იმერეთის რეგიონში, შსს-ს აკადემიაში სპეციალურად გადამზადებულმა უბნის ინსპექტორებმა საინფორმაციო ბუკლეტები დაარიგეს და მოქალაქეებს კამპანიის მიზანი და მნიშვნელობა გააცნეს. სამართალდამცველებმა მათ განუმარტეს, რომ საინფორმაციო ბუკლეტში მითითებულია ცხელი ხაზის ნომერი – „112“, რომელზეც ძალადობის მსხვერპლს ან ძალადობის ფაქტის მოწმეს 24 საათის განმავლობაში შეუძლია დარეკოს და დახმარება ითხოვოს. უბნის ინსპექტორებმა მოქალაქეებს ასევე განუმარტეს, რომ ოჯახში ძალადობის პრობლემის დასაძლევად კამპანიაში საზოგადოების აქტიურობას და პოლიციასთან თანამშრომლობას დიდი მნიშვნელობა აქვს. მათ მოსახლეობას გააცნეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, 2013 წლიდან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შესული ცვლილებები, რომელთა მიხედვითაც ოჯახში ძალადობის კრიმინალიზაცია განხორციელდა. სამართალდამცველებმა მოქალაქეებს აუხსნეს, რომ ცვლილებების თანახმად, ოჯახში ძალადობა 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება, ხოლო ოჯახში ძალადობის მსხვერპლს კანონი იცავს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სხვა სახელმწიფო უწყებებთან ერთად, აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სოციალური კამპანია „არა ძალადობას!“ 25 ნოემბერს დაიწყო. კამპანიის მიზანია ოჯახში ძალადობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. კამპანიის ფარგლებში მომზადდა სოციალური რგოლები, რომელთა მიზანია საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება იმის შესახებ, რომ ოჯახში ძალადობის ფაქტების შემთხვევაში უნდა დარეკონ ცხელ ხაზზე: „112“ ან მიმართონ უბნის ინსპექტორს, მოძალადეებმა კი მიიღონ გაფრთხილება, რომ ოჯახში ძალადობა თავისუფლების აღკვეთით ისჯება.