“სინოდის დღევანდელ შეკრებაზე 80 წლის არქიმანდრიტს ჯვარს აჰყრიან“
არქიმანდრიტ ნიკოლოზს (პიტნავა) ჯვარს ჰყრიან. სასულიერო პირისათვის ჯვრის აყრა 23 დეკემბერს იგეგმება და აღნიშნული წმინდა სინოდის მაღალი იერარქიის მღვდელმსახურების მხილებას უკავშირდება.
არქიმანდრიტი ნიკოლოზი, ერისკაცობაში ვახტანგ მიხეილის ძე პიტნავა, 1987 წელს გელათის მამათა მონასტერში ბერად აღიკვეცა და აღნიშნულ მონასტერს 1996 წლამდე წინამძღვრობდა. ამჟამად იგი აბუხალოს წმინდა დავით გარეჯელის სახელობის მამათა მონასტერში მსახურობს.
არქიმანდრიტის სულიერი შვილები აცხადებენ, რომ მის მოღვაწეობას უკავშირდება გელათის მონასტრის აღორძინება, სამღვდელო და საერო თაობათა სარწმუნოებით აღზრდა. „მამა ნიკოლოზი ერისკაცობიდანვე გამოირჩეოდა შრომისმოყვარეობითა და ღვთისმოშიშებით, პირადი მკაცრი ღვაწლითა და სიბრძნით, ხოლო მისი ასკეტური მოღვაწეობა და შრომა წარუშლელ კვალს ტოვებდა მის ირგვლივ მყოფ ახალმოქცეულებზე.
გელათი, მათხოჯი, ახალბედისეული, გამოჩინებული, შატბერდი და აბუხალო, – ეს ის წმინდა სავანეებია, სადაც არქიმანდრიტი ნიკოლოზი მოღვაწეობდა“, – აცხადებენ მრევლის წარმომადგენლები. არქიმანდრტ ნიკოლოზის სულიერი შვილების განცხადებით, ის წინააღმდეგი იყო საჯარო სკოლებიდან საღვთო სჯულის სწავლების ამოღების და ასევე, აპროტესტებდა პარლამენტის მიერ ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებას.
„ქრისტეს მხნე მხედარი, არქიმანდრიტი ნიკოლოზი დღემდე გამოირჩევა უსჯულოების მამხილებლობით და სამაგალითოა მხცოვანი ბერის ახალგაზრდული შემართება დღევანდელ ულტრაგამოწვევების წინააღმდეგ, მაშინ როდესაც მასზედ ასაკით უმცირესნი და ხარისხით უპირატესნი რეზიდენციებიდან სირაქლემის პოზიციაში ყოფნას ამჯობინებენ. მამა ნიკოლოზი კი ახალგაზრდების გვერდით დგას და ქრისტეს ერთგულების მაგალითს გვაძლევს.
მაშინ როდესაც ცოლოსანი, წმინდანთა მგმობელნი, და ფეშენ-ვილების მეპატრონე, მაღალი იერარქები, ძვირად ღირებული ავტომობილებითა და კომფორტიზმით არიან განებივრებულნი და განუკვეთელნი, დიდი სჯულის კანონის მოთხოვნით, მათი განკითხვის ობიექტად ნამდვილად არ უნდა იქცეს ღირსეული ბერის სახე-არქიმანდრიტი ნიკოლოზი. ეს ხომ მარაზმია და მისი სულიერი შვილებისათვის დიდი გამოწვევა. მამა ნიკოლოზის სულიერი შვილების მთელი არმია, მობილიზებულნი ვართ და ვემზადებით უშუალოდ უწმინდესთან შესახვედრად. ჯერ კიდევ მამა ნიკოლოზის თხოვნით ვართ ძლივს თავშეკავებულნი საჯარო აქტივობისაგან. ჩვენი კანონიკური მოთხოვნაა, წმინდა სინოდმა სრულფასოვნად აამოქმედოს დიდი სჯულის კანონი. გაიწმინდოს დედაეკლესია მისი ღირსების შემლახავი ვაისასულიერო პირებისაგან, დასრულდეს დიპლომატია და შერჩევითი-სელექციური სამართალი ეკლესიაში,“ – აცხადებენ არქიმანდრიტ ნიკოლოზის სულიერი შვილები.
წყარო: News.ge