ზურაბ ჟვანიას საქმეზე ექსპერტ ლევან ჩაჩუას პროცესი გაიმართება

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს ზურაბ ჟვანიას საქმეზე ექსპერტ ლევან ჩაჩუას პროცესი გაიმართება.
პროცესზე ბრალდების მხარის მოწმეები დაიკითხებიან, მათ შორის შესაძლოა, იყვნენ ყოფილი პრემიერის ზურაბ ჟვანიას დაცვის წევრები: მიხეილ ძაძამია და კობა ხარშილაძე.
დაცვის მხარე ასევე ვარაუდობს, რომ დღევანდელ პროცესზე პროკურატურის მტკიცებულებების გამოკვლევაც დაიწყება.
„ამჯერად მოწმეები დაიკითხებიან, ვინაიდან ბრალდების მხარის მოწმეთა დაკითხვა ჯერ არ დასრულებულა. ძირითადი მოწმეები არიან დარჩენილნი: კობა ხარშილაძე, ძაძამია და ბრალდების მხარის მოწმეები, რომლებიც იყვნენ ჟვანიას დაცვის წევრები. რაც შეეხება ჩვენი მოწმეების დაკითხვას, ჯერ არ დაწყებულა”, – განაცხადა ჩაჩუას ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ.
შეგახსენებთ, რომ სამედიცინო ექსპერტი ლევან ჩაჩუა 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ მიმდინარე წლის ნოემბერში გაათავისუფლეს. ჩაჩუა ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის გარდაცვალების საქმეზე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზას ატარებდა. საქართველოს პროკურატურის მტკიცებით, ჩაჩუამ სამსახურებრივი გულგრილობა გამოიჩინა, კერძოდ, გვამებზე არსებული აშკარა დაზიანებები სრულყოფილად არ აღწერა, რის გამოც იგი 2014 წლის 20 მარტს დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები