„მისტრალების“ ეკიპაჟები რუსეთში ბრუნდებიან
რუსი მეზღვაურები, რომლებსაც გემ „მისტრალის“ მართვას ასწავლიდნენ, საფრანგეთიდან რუსეთში ახალ წლამდე დაბრუნდებიან. უცხოური მედიის ცნობით, რუსი მეზღვაურები ფრანგულ პორტ სენ-ნაზერს დღეს დატოვებენ.
„ჩვენ დღეს დავიძრებით. უკვე ყველამ ბარგი ჩაალაგა. ამინდი საუკეთესო არ არის, წვიმს. ასე, რომ გემზე ვართ და ველოდებით გამგზავრებას. უკან დაახლოებით ერთ კვირაში დავბრუნდებით. ახალ წელს კი, სავარაუდოდ, სახლში შევხვდებით“, – განაცხადა ეკიპაჟის ერთ-ერთმა წევრმა.
ცნობისთვის, რუსეთში 400-დან 170 მეზღვაური დაბრუნდება.
შეგახსენებთ, რომ კონტრაქტი რუსულ და ფრანგულ მხარეებს შორის ორი ვერტმფრენმზიდავის „მისტრალის“ კლასის მიწოდების შესახებ 2011 წელს გაფორმდა. დაგეგმილი იყო, რომ პირველი გემი რუსეთის ფლოტის შეიარაღებას 2014 წელს შეემატება. საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა „მისტრალის“ გადაცემა რუსული მხარისთვის შეაჩერა. სექტემბერში ოლანდმა განაცხადა, რომ „მისტრალის“ მიწოდება რუსეთისთვის უკრაინაში განვითარებული მოვლენების შესაბამისად მოხდება. რუსეთი ფრანგულ მხარეს ურთიერთობების გაუარესებით და სასამართლოთი ემუქრება.