ვანო მერაბიშვილის სახლის გაქურდვის ბრალდებით სამი პირი დააკავეს (ვიდეო)
შსს-ს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ადიგენის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი სამი პირი: 1993 წელს დაბადებული გიორგი შ, 1987 წელს დაბადებული ზაზა ქ. და 1989 წელს დაბადებული თამაზ ქ. ქურდობის ბრალდებით ახალციხეში დააკავეს. სამინისტროს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულებმა 16 დეკემბერს, დაბა აბასთუმანში ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელ სახლში აბაზანის სარკმლიდან ფარულად შეაღწიეს, საიდანაც პლაზმური ტელევიზორები, ჭურჭელი, სხვადასხვა დასახელების სასმელი, მოვერცხლილი ხატი და საყოფაცხოვრებო ნივთები მოიპარეს.
როგორც შსს-ში განმარტავენ, სამართალდამცველებმა თბილისში, ერთ-ერთი დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას მოპარული ნივთების გარკვეული ნაწილი ამოიღეს. ასევე, მშრალი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ბაზრობიდან მოპარული ჭურჭლის ნაწილი, ხოლო თბილისში მდებარე 2 ლომბარდიდან ტელევიზორი და ლეპტოპი ამოიღეს.
გამოძიება ბინაში უკანონოდ შეღწევით ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=rMZkPTnRxn4″ width=”560″ height=”315″]