„თარგმნილი პიესა-2014“ – კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის თეატრალური ხელოვნების განვითარების ფონდის კონკურსის „თარგმნილი პიესა-2014“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
ხუთი წევრისაგან შემდგარმა ჟიურიმ 3 გამარჯვებული გამოავლინა.
საპრიზო ფონდი შემდეგნაირად გადანაწილდა:
I პრემია (2500 ლარი) – გადაეცა გიორგი ეკიზაშვილს, პიერ ოგიუსტ კარონ დე ბომარშეს პიესის – „შეშლილი დღე ანუ ფიგაროს ქორწინება“ თარგმანისთვის.
II პრემია (1500 ლარი) – ერგო მანანა ცინცაძეს, სტივენ დანსტონის პიესის – „ვინ არის სილვია“ თარგმანისთვის.
III პრემია (1000 ლარი) – გადაეცა ნინო ოსეფაშვილს მაქს ფრიშის პიესის „დონ ჟუანი, ანუ გეომეტრიის სიყვარული“ თარგმანისთვის.
კონკურსი უკვე მესამე წელია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება. მისი ორგანიზატორია მიხეილ თუმანიშვილის სახელობის თეატრალური ხელოვნების განვითარების ფონდი.
გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ ფონდის სპეციალური პრიზით „თუმანიშვილის ვაშლი“. ამავე დღეს გაიმართა კრებულის – „ახალი ქართული პიესა-2014“ პრეზენტაცია;
გამოცხადდა თუმანიშვილის ფონდის საერთაშორისო კონკურსი – „ახალი ქართული პიესა-2015“, რომელიც ქართული და ევროპული თეატრებისთვის ტარდება. თუმანიშვილის ფონდი 2006 წლიდან მუშაობს წარმატებულ საერთაშორისო პროექტზე „ახალი დრამატურგია“ და ყოველწლიურად მართავს ორ კონკურსს: „ახალი ქართული პიესა“ და „თარგმნილი პიესა“.
2013 წელს, ფონდთან თანამშრომლობის შედეგად „როიალ ქორთში“ დაიდგა ლაშა ბუღაძის „პრეზიდენტი სტუმრად მოვიდა“. 2015 წელს, სამი ქართველი დრამატურგის პიესა დაიდგმება ევროპის ნაციონალური თეატრების სცენებზე: დათა თავაძის „დედაომი“ – პრემიერა დანიშნულია 20 თებერვალს, ჰაუპტმანის თეატრში, ბასა ჯანიკაშვილის -„გაბრაზებული ჩიტი“ და ლაშა ბუღაძის – „26 მაისი“.