საჯარო ლექცია თემაზე „ლიტერატურა და მკითხველის ფენომენი“ გაიმართება

16 დეკემბერს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ხელოვნებისა და მეცნიერების საბჭოს ორგანიზებით, A204 აუდიტორიაში გაიმართება საჯარო ლექცია თემაზე: „ლიტერატურა და მკითხველის ფენომენი“. ლექციას წაიკითხავს ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი საბა მეტრეველი. ლექცია-დიალოგის მთავარი მიზანია, გარკვევა იმისა, თუ რა ფენომენია ლიტერატურა, როგორია მისი სამეტყველო „ენა“ და სააზროვნო სივრცე, კონკრეტულად რა განსაზღვრავს მის სპეციფიკას. ამასთანავე, უნდა დადგინდეს, როგორია მეცნიერებისა და ხელოვნების ურთიერთმიმართება, რა ქმნის და განსაზღვრავს უმთავრეს პრიორიტეტებს და რა თავისებურება ახასიათებს შემოქმედებით პროცესს; რომელია ლიტერატურული დისკურსის განმაპირობებელი ფაქტორები: შემოქმედების ფსიქოლოგია თუ ეპოქის გამოწვევები? ცალკე თავსატეხია ლიტერატურისა და მისი მკითხველი-რეციპიენტის ფარული კავშირები. ვისთვის და რატომ იქმნება ტექსტი, რა არის მკითხველის ფენომენი; როგორია ტექსტი, როგორც ზოგადკულტურული კატეგორია და რას გულისხმობს ტექსტის, ქვეტექსტისა და კონტექსტის რეცეფცია-ჰერმენევტიკა – ეს არის იმ საკითხთა ჩამონათვალი, რომელთა ირგვლივაც წარიმართება ლექცია-დიალოგის მთავარი მაორიენტირებელი მიზანი -ერთად ფიქრი ლიტერატურაზე!

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები