ვიტალი კლიჩკო ევროპის საუკეთესო მერად აღიარეს



კრივში მსოფლიოს ექს–ჩემპიონი და ქალაქ კიევის ამჟამინდელ მერი ვიტალი კლიჩკო ევროპის წლის საუკეთესო მერად აღიარეს. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული გამოცემა Bild–ი ავრცელებს. კელნის მერიის წარმომადგენლებმა კონრად ადენაუერის საპატიო პრემიის ლაურეატად კლიჩკო ქალაქ კიევის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, ევრომაიდანის მოვლენების დროს გამოჩენილი სიმამაცისთვის და პრობლემების მოგვარებისთვის თავდაუზოგავი შრომის გამო აღიარეს.
კიოლნის მერიამ კონრად ადენაუერის პრემია, რომლითაც ისინი ევროპის საუკეთესო ქალაქის მერს აჯილდოებენ, 2002 წელს კელნის ყოფილი მერის და გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის კანცლერის კონრად ადენაუერის საპატივცემულოდ დააწესა. გამარჯვებულს კელნის მერია ორ წელიწადში ერთხელ ასახელებს. მერებს პრემია ევროპის მსხვილ ქალაქში ცხოვრების და მუშაობის პირობების შესაქმნელად გაწეული გამორჩეული წვლილისთვის გადაეცემათ.
კიევის მერის ოფიციალური დაჯილდოება 2015 წლის გაზაფხულზე კელნში საზეიმო ცერემონიაზე შედგება. კელნის მერმა იურგენ როტერსმა უკვე მიულოცა გამარჯვებულს და ცერემონიაზე მიიპატიჟა. გერმანული გამოცემის ინფორმაციით, კლიჩკო ძალიან ბედნიერია საპატიო ჯილდოს მიღებით და როტერსს დაჰპირდა, რომ ცერემონიალში აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები