ჟურნალმა Time-მა 2014 წლის ადამიანად ებოლას ეპიდემიასთან მებრძოლი მედიკოსები დაასახელა
ამერიკული ჟურნალის Time-ის გადაწყვეტილებით, 2014 წლის ადამიანად ებოლას წინააღმდეგ მებრძოლი მედიკოსები დასახელდნენ. Time-ის რედაქტორის ნენსი გიბსის განცხადებით, მედიკოცები საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად იბრძვიან ებოლას დასამარცხებლად.
ამერიკული ჟურნალის წლის ადამიანის გამოკითხვაში მეორე ადგილი აშშ-ის ქალაქ ფერგიუსონში გამართული მასობრივი საპროტესო აქციების მონაწილეებმა დაიკავეს, მესამე ადგილზე კი რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გავიდა.
წლის ადამიანის წოდების 50 ნომინანტს შორის ასევე მოხვდნენ რომის პაპი ფრანცისკი, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, 17 წლის პაკისტანელი უფლებადამცველი მალალა იუსუფზაი და ნიგერიაში გატაცებული სკოლის მოსწავლე გოგონები.
წლის ადამიანის გამოსავლენად ჟურნალი მკითხველებს შორის გამოკითხვას ატარებს, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილებას სარედაქციო ჯგუფი იღებს.