ჯეიმს აპატურაი: სასიხარულოა, რომ თავდაცვის სამინისტროს კურსი არ შეუცვლია

სამხრეთ კავკასიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი საქართველოს თავდაცვის მინისტრს მინდია ჯანელიძეს შეხვდა.
როგორც აპატურაიმ შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, სასიხარულოა, რომ თავდაცვის სამინისტროს კურსი არ შეუცვლია.
„ეს ჩემი რიგით მეორე შეხვედრა იყო თავდაცვის ახალ მინისტრთან. სასიხარულოა, რომ თავდაცვის სამინისტროს კურსი არ შეუცვლია. ვისაუბრეთ ნატოს სასწავლო ცენტრის შესახებ. თქვენ ნახავთ ნატოს საქართველოში და საქართველოს ნატოში“, – აღნიშნა ჯეიმს აპატურაიმ.
თავდაცვის მინისტრის თქმით, საუბარი, ძირითადად, იმ პაკეტის იმპლემენტაციის პროცესს შეეხო, რომელიც საქართველომ უელსის სამიტზე მიიღო. თავდაცვის მინისტრის ვარაუდით, აღნიშნული პაკეტის იმპლემენტაციის გეგმა, სავარაუდოდ, თებერვალში დამტკიცდება.
“ძალიან სასარგებლო შეხვედრა გავმართეთ. მიმოვიხილეთ მიმდინარე თანამშრომლობის საკითხები. საუბრის მთავარი თემა შეეხებოდა არსებულ პაკეტს, რომელიც საქართველომ უელსის სამიტზე მიიღო და მისი იმპლემენტაციის პროცესს. ნატოს შტაბბინა და ბატონი აპატურაი აქტიურად იქნება ჩართული იმპლემენტაციის გეგმის შემუშავებაში. ჩვენ თებერვალში გვექნება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა, რომელზეც, ვიმედოვნებთ, რომ იმპლემენტაციის გეგმა საბოლოო სახით შეთანხმდება და დამტკიცდება”, – განაცხადა მინდია ჯანელიძემ.
აპატურაი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ამ წუთებში ევროინტეგრაციის ახალ მინისტრს დავით ბაქრაძეს ხვდება. შეხვედრის დასრულების შემდეგ აპატურაი და ბაქრაძე სპეციალურ ბრიფინგს გამართავენ და მედიის კითხვებს უპასუხებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები