თამარ ბერუჩაშვილმა ნატოს მინისტერიალის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრები გამართა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, თამარ ბერუჩაშვილმა ნატოს მინისტერიალის ფარგლებში 2014 წლის 2-3 დეკემბერს ორმხრივი შეხვედრები გამართა. თამარ ბერუჩაშვილი შეხვდა ბულგარეთის, ბელგიის, პორტუგალიის, ლიტვის, ისლანდიის, სლოვაკეთის, პოლონეთის, ნიდერლანდების და კანადის საგარეო საქმეთა მინისტრებს.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კოლეგა მინისტრებთან შეხვედრის დროს საუბარი დაეთმო რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმს შორის გაფორმებულ ე.წ. ხელშეკრულებას. ხაზი გაესვა იმ საფრთხეებს, რასაც მოსკოვის ეს ნაბიჯი შეიცავს რეგიონალური სტაბილურობისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით. აღინიშნა, რომ რუსეთის ეს ქმედება განხილული უნდა იქნას საერთო ევროპული და ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების კონტექსტში. მეგობარი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების მხრიდან კიდევ ერთხელ დაფიქსირდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა. თამარ ბერუჩაშვილმა მადლობა გადაუხადა კოლეგებს ე.წ. “ხელშეკრულებასთან” დაკავშირებით საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან გაკეთებული საქართველოს მხარდამჭერი განცხადებების გამო.
ორმხრივ შეხვედრებზე მინისტრმა კოლეგებს ასევე გაუზიარა საქართველოს საგარეო პოლიტიკის მთავარი ამოცანები ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით. ხაზი გაესვა აღნიშნულ ქვეყნებთან ორმხრივი ურთიერთობის პოზიტიურ დინამიკას და სხვადასხვა სფეროებში შემდგომი თანამშრომლობის განვითარების საკითხებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები