ევროპის სახლში ფოტოგამოფენა, “ჩემი თემის ქალები” გაიმართება

“ჩემი თემის ქალები”, – ამ სახელწოდებით ორგანიზაცია “ქალთა უფლებების სათემო ინიციატივა“ ფოტოგამოფენას გამართავს. ფოტოგამოფენა ხვალ, 16:00 საათზე ევროპის სახლში შედგება.
ფოტოგამოფენის თემატიკაა საქართველოს იეზიდი და ბოშა ქალები, ერაყის ეზიდი ქალები. მასზე წარმოდგენილია, პროექტში მონაწილე ბოშა და იეზიდი ქალების მიერ გადაღებული სურათები, რომლებიც ასახავენ მათი თვალით დანახულ პრობლემებს. პროექტი „ჩემი თემის ქალები“ მიზნად ისახავს სათემო ცხოვრებაში, ეზიდი და ბოშა ქალების გააზრებული მონაწილეობის ხელშეწყობას, მათი ინფორმირებულობის დონის ამაღლებასა და იმ პრაქტიკული უნარების გადაცემას, რომლებიც მათ საკუთარი ინტერესებისა და უფლებების დაცვაში დაეხმარება.
საქართველოში მცხოვრები ბოშა და იეზიდი ქალებისათვის, მსგავსი ფორმატის პროექტი პირველად განხორციელდა. ორგანიზაციამ “ქალთა უფლებების სათემო ინიციატივა”, პროექტი „ჩემი თემის ქალები“ განახორციელა ფონდის “ღია საზოგადოება – საქართველოს” ხელშეწყობით, “ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში” პროექტის ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია. ფოტოგამოფენაზე მოწვეულ სტუმრებს შორის იქნებიან წარმომადგენლები სხვადასხვა საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციიდან, მედიამაუწყებლობებიდან, საელჩოებიდან, სახელმწიფო სტრუქტურებიდან. ორგანიზაცია “ქალთა უფლებების სათემო ინიციატივა” მომავალშიც გეგმავს მსგავსი ფორმატის პროექტების განხორციელებას და იმედოვნებს, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სახელმწიფო დაწესებულებების მხრიდან, ხელშეწყობასა და გვერდში დგომას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები