ირანის ნომერ პირველი ქართველი კალათბურთელი, ანუ ცხოვრება ტაიმაუტებში
სუპერლიგის ერთ–ერთი საუკეთესო, წარმატებული ქართველი კალათბურთელი… თბილისიდან ჯერ ამერიკის შეერთებული შტატების საკალათბურთო მოედანზე გადაინაცვლა, შემდეგ – ირანის გუნდში, სადაც დღეს ნომერ პირველ კალათბურთელად დაასახელეს. კომფორტული ამერიკით შოკირებულს ყოველთვის თბილისი ენატრებოდა. მასთან მხოლოდ სპორტზე არა, თამაშებს შორის ტაიმაუტების დროს ცხოვრების პერიპეტიებზე ვისაუბრეთ. ლაშა ფარღალავა ,- “პერსონაში“.
***
– ლაშა, კალათბურთი, შეიძლება ითქვას, ძალიან თბილისური სპორტის სახეობაა, რადგან მასზე ტრადიციულად ყველაზე მეტი გულშემატკივარი გოგონა დადიოდა… თქვენს დროს თუ იყო ასე და კალათბურთში პირველად ვინ მიგიყვანათ?
– 7 წლის ვიყავი, შემთხვევით კალათბურთზე რომ მოვხვდი. დედაჩემა გადაწყვიტა, რომ მე და ჩემ ძმას სიმღერაზე გვევლო და პიონერთა სასახლეში მიგვიყვანა. მესამე გაკვეთილიდანვე გამომიყვანეს, დედაჩემს კი უთხრეს, რომ სიმღერა ამის საქმე არ არისო… იქვე, მეორე სართულზე ვაჟა კვარაცხელია სოხუმის გუნდს ავარჯიშებდა და დედამ იქ ამიყვანა. იმ დღის შემდეგ დღემდე ამ სპორტს უკვე 20 წელია მივსდევ. ახლა თქვენი საშუალებით მინდა, რომ დედას მადლობა ვუთხრა,- კიდევ ყველა იმ ადამიანს, ვინც თავის დროზე ხელი შემიწყო, რომ წარმატებული სპორტსმენი გავმხდარიყავი. დღეს საქართველოში ნაკლებად დადის ახალგაზრდობა თამაშებზე,- რაც ძალიან ცუდია, რადგან სპორტსმენისთვის, ძნელია, ცარიელ დარბაზში თამაში.
– ამბობენ, კალათბურთი სპორტის ერთ–ერთი ყველაზე ინტელექტუალური სახეობაა, ამ თამაშმა პიროვნულად რა მოგცათ?
– მართალი ბრძანდებით, კალათბურთი, მართლაც, სპორტის ინტელექტუალური სახეობაა. კალთბურთელები ყველა სპორტმენისგან, მართლაც, განსხვავდებიან, ჯერ იმიტომ, რომ ეს ულამაზესი, კლასიკური თამაშია და თანაც, ძალიან აზარტული. კალათბურთელი კარგად უნდა აზროვნებდეს, ამიტომ მას კუნთმაგარი და გონებაჩლუნგი ადამიანები ვერ თამაშობენ. კალთბურთმა პიროვნულად ძალიან გამზარდა და ისეთი ცხოვრება მაჩუქა, ახლა რომ ვფიქრობ, საშუალება რომ მომეცეს, ცხოვრებაში მაინც არაფერს შევცვლიდი. ბედნიერი ვარ, რომ ჩემს საქმეს ვაკეთებ და ამით დღემდე დიდ სიამოვნებას ვიღებ.
– ლაშა, თქვენ ამერიკაში თამაშობდით და თითქმის ყველა შტატი მოიარეთ… ამერიკული კალათბურთი ქართულისგან განსხვავდება?
– ამერიკაში კალათბურთი რელიგიასავითაა და, აქედან გამომდინარე, ისინი უმაღლეს დონეზე არიან განვითარებულები, თუ რა განსხვავებაა ქართულ კალთბურთსა და ამერიკულს შორის? აქ მარტო ერთი რამის თქმა შეიძლება: “ის ამერიკულია, ეს კი,- ქართული”. ამით, ჩემი აზრით, უკვე ყველაფერი ნათქვამი.
პირველად ამერიკაში მაშინ ჩავედი, როცა საქართველოში პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე იყო. რა დროა, იცით? ქალაქში შუქი რომ მოდიოდა და მთელი ეზო ბოლო ხმაზე გაჰყვიროდა სიხარულით… აი, ამ დროს ჩავედი ამერიკაში და რომ იტყვიან, შოკირებული ვიყავი ყველაფერით… როცა თბილისში დაბადების დღეზე „სნიკერსს“ მჩუქნიდნენ, ისე მომწონდა, არ ვჭამდი, ამერიკაში კი იმდენი მქონდა, სხვას არაფერს ვჭამდი. როცა წლების მერე ამერიკიდან თბილისში ჩამოვედი, მახსოვს, დედაჩემს ვუთხარი, ამერიკაში აუცილებლად უნდა დავბრუნდე, აქ მე ვერ ვიცხოვრებ- მეთქი. თუმცა ბოლოს ისე მივეჩვიე, რომ დღეს თბილისს არც ერთი ქალაქი არ მირჩევნია. ზაფხულში აქ დასასვენებლად ვიყავი ჩამოსული. როცა აქ არ ვარ,- თბილისი გიჟივით მენატრება … ახლაც ასეა,-ერთი სული მაქვს, როდის ჩამოვალ.
– რამდენადაც ვიცი, ამერიკაში მარტო კალათბურთს არ თამაშობდით,- განათლებაც მიიღეთ, იქ ბიზნესის კოლეჯი დაამთავრეთ...
– ამერიკული დიპლომი მართლა მაქვს, იმედია, როცა კალათბურთის თამაშს დავამთავრებ და სპორტიდან წამოვალ, მას გამოვიყენებ. კალათბურთში დარჩენას სამუდამოდ არ ვაპირებ, არც ამერიკაში დავრჩები.
– ამერიკიდან უცებ სრულიად სხვა, მკაცრ და ზედმეტად ტრადიციულ ირანში აღმოჩნდით…
-ამერიკიდან, მართლაც, სხვა სამყაროში აღმოვჩნდი, ირანი ძალიან ინდივიდუალური ქვეყანაა. აქ ყველა ვერ იცხოვრებს. ერთი შეხედვით, ძალიან ჩაკეტილი და მუსულმანური ტრადიციული ქვეყანაა, მაგრამ აქ რომ იცხოვრებ და ხალხს გაიცნობ, მიხვდები, რომ სამოთხეა. თუმცა გააჩნია, ვისთვის,- მე ძალიან მომწონს. როცა ირანში ჩამოვედი, აქ სახლიც მომცეს. ქართველებს აქ ფერეიდნელებს ეძახიან და მათ ერთ-ერთ დიდ ქალაქში, ისპაჰანში თავისი დასახლებაც აქვთ. შემთხვევით სასტუმროში სატვირთო მანქანის ქართველი მძღოლები შემხვდნენ, მათ მანქანაზე ყველას ,,ჩვენებურები“ აწერია. აქ სხვანაირია ყველაფერი, ხალხიც სხვა სამყაროში ცხოვრობს. უკეთილშობილესი ხალხია… მანამდე სულ იმას ვამბობდი, ქართველები ყველაზე სტუმართმოყვარე ხალხი ვართ – მეთქი, მაგრამ სტუმართმოყვარეები ესენი ყოფილან თუ ყოფილან.
– ირანში ნომერ პირველ კალათბურთელად გაღიარეს. გაიხსენეთ თქვენი ცხოვრების სამქულიანი ტყორცნები, რა თქმა უნდა, გადატანითი მნიშვნელობით გეკითხებით...
– იმდენი სამქულიანი მაქვს ნასროლი, რომ ზოგ კალათბურთელს მაგდენი ბურთი საერთოდ კალათისკენ არც უსროლია… მივხვდი, რასაც მეკითხებით, კალათბურთის მოედანზეც და ცხოვრებაშიც სამიანს რომ ჩააგდებ,- ამაზე დიდი სიამოვნება არ არსებობს! ეს თავისებური ნარკოტიკია, რომელზეც თითქმის ყველა კალთბურთელია დამოკიდებული. აქედან გამომდინარე, ყველა ჩემი სამქულიანი ძალიან მნიშვნელოვანია.
– ცხოვრების ტაიმაუტებზე რაზე ფიქრობთ?
– რომ არ მოგატყუოთ, ბევრს არ ვფიქრობ, მოქმედება მიყვარს.. ჩემთვის მთავარია, ყველა ახლობელი ჯანმრთელად მყავდეს და დანარჩენი ყველაფერი, ვიცი, რომ კარგად იქნება. ადამიანებმა მარტო სიყვარული და სიკეთე უნდა ვაკეთოთ,- მეტი არაფერი, საერთოდ ყოველთვის მიკვირს, როცა ამდენი სიყვარულია სამყაროში,- ბოროტებისთვის რატომ იბრძვიან?!… იმედია, მოვა დრო და საქართველოს პრეზიდენტი რომ გავხდები, აქ მარტო სითბო, სიყვარული და სიკეთე იქნება…
თეონა გოგნიაშვილი