„რეგიონებში კულტურის მხარდაჭერის“ პროგრამა გრძელდება

 

   3 დეკემბერს, 12:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე წეროვანის კულტურის სახლს ეწვევა. მინისტრი დაათვალიერებს დევნილთა დასახლებაში კულტურის სამინისტროს მიერ აღჭურვილ კინოკლუბს და წეროვანის დევნილთა დასახლების საესტრადო ჯგუფს მუსიკალურ ინსტრუმენტებს გადასცემს.
წეროვანის კულტურის სახლში სტუმრობისას, პროექტის „დევნილთა კომპაქტურ დასახლებებში სახელოვნებო სკოლების ფუნქციონირების ხელშეწყობის“ ფარგლებში ასევე დევნილი ბავშვების ხელნაკეთი ნამუშევრები გამოიფინება.
14:00 საათზე კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე შიდა ქართლის ფოლკლორულ ანსამბლებსა და სახელოვნებო სკოლებს მუსიკალურ ინსტრუმენტებს გადასცემს და შეხვედრას გამართავს გორის გიორგი ერისთავის სახელობის სახელმწიფო თეატრის დასთან. კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივით, 2013 წელს საქართველოს მასშტაბით დევნილთა 12 კომპაქტურ დასახლებაში განახლდა სახელოვნებო წრეების ფუნქციონირების პროექტი (წეროვანი, შავშვები, კარალეთი, კოდა, ახალსოფელი, სკრა, გორი, ხაშური, წილკანი, მოხისი, მეტეხი, თელიანი). სახელოვნებო სკოლებში დევნილი ბავშვები უფასოდ ეუფლებიან ხელოვნების დარგებს: ქართულ ფოლკლორს, ქორეოგრაფიას, ხალხურ სიმღერას, ფორტეპიანოს, ხალხურ საკრავებს, ხეზე კვეთას, ხატვას, საესტრადო სიმღერას და ა. შ.
პროექტში დასაქმებულია 73 დევნილი პროფესიონალი პედაგოგი. უფასო სწავლებას გადის 1500- მდე მოსწავლე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები