უსინათლო ადამიანები ხელისუფლებისგან მხარდაჭერას ითხოვენ
უსინათლო და მცირე მხედველი ადამიანები ხელისუფლებისგან სარეაბილიტაციო ცენტრისა და ბრაილის სტამბის შექმნას და გარემოს გაუმჯობესებას ითხოვენ,-ამის შესახებ საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში, უსინათლოთა კავშირის წარმომადგენლებმა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციის – „ვიმეგობროთ“ ხელმძღვანელმა გია ჯვარშეიშვილმა განაცხადა.
ჯვარშეიშვილის თქმით, პირველ რიგში აუცილებელია საკანონმდებლო ორგანომ მეტი ყურადღება დაუთმოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს და მათ გარემოსთან ადაპტირებაში დაეხმაროს.
„ხვალ, 3 დეკემბერს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეა, თუმცა ამ ადამიანების უფლებების დასაცავად რეალურად არაფერი კეთდება. მრავალი ტიპის პრობლემა აქვთ ამ ადამიანებს, იქნება ეს საკანონმდებლო ბაზა თუ გარემო. უსინათლო ადამიანებისთვის ფიზიკური გარემო აბსოლუტურად არ არის ხელმისაწვდომი. პრობლემებს ვაწყდებით ინკლუზიური განათლებიდან დაწყებული, დასაქმების კუთხით დამთავრებული. ჩვენი მთავარი მოთხოვნაა, უსინათლო და მცირე მხედველობის ადამიანებისთვის შეიქმნას სარეაბილიტაციო ცენტრი, სადაც შეძლებენ შესაბამისი უნარ-ჩვევების დაუფლებას, მოვითხოვთ ბრაილის სტამბის შექმნას და სახელმძღვანელოების დაბეჭდვას, სწავლის ხარისხის ამაღლებას როგორც უსინათლო და მცირემხედველ ბავშვთა სკოლაში, ასევე უმაღლეს სასწავლებლებში“,-განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაციის „ვიმეგობროთ“ ხელმძღვანელმა გია ჯვარშეიშვილმა.
უსინათლოთა და მცირე მხედველობის მქონე ადამიანთა ყოველდღიურ ცხოვრებაში წარმოქმნილ პრობლემებზე გაამახვილა ყურადღება უსინათლოთა კავშირის წარმომადგენელმა ამირან ღოღაძემ.
ღოღაძის განცხადებით, მცირე მხედველობის მქონე ადამიანები ყოველდღე ქუჩაში გადაადგილებისას უამრავი საფრთხის წინაშე დგებიან. უსინათლოთა კავშირის წარმომადგენლები „კვირას“ პრესკლუბში საუბრისას დასაქმების საკითხსაც შეეხნენ.
მათი განცხადებით, ის მცირე რაოდენობის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ვინც დასაქმებულნი არიან, მათზე დაკისრებულ მოვალეობას თავს კარგად ართმევენ.
„ ჩვენთვის არ არის შექმნილი ელემენტარული გარემო, თუნდაც იმისთვის, რომ ბანკომატით ვისარგებლო. როდესაც სადმე შევდივარ, ნომრები ენთება და ვერ ვახერხებთ მის წაკითხვას,დაზიანებულია ტროტუარები, ახდილია ჭები, პრობლემები გვექმნება გადასასვლეზეც, ძალიან იშვიათად არის ხმოვანი შუქნიშანი და ისიც უმეტეს შემთხვევაში არასწორად მუშაობს, რაც დიდ საფრთხეს გვიქმნის. ეტაპობრივად უნდა მოხდეს გარემოს გაუმჯობესება, რომ შევძლოთ ქუჩაში ნორმალურად გადაადგილება. საჭიროა ნელ-ნელა შეზღუდული შესაძლებლობების პირთა დასაქმება მოხდეს“,- განაცხადა „უსინათლოთა კავშირის“ წარმომადგენელმა და ჟურნალ „სინათლის“ მთავარმა რედაქტორმა ამირან ღოღოძემ.
უსინათლო ადამიანები პრობლემებს აწყდებიან საზოგადოებაშიც. „საქართველოს უსინათლოთა კავშირის დევნილთა ფილიალის“ ხელმძღვანელის დავით ყვირილიანის განცხადებით, მოქალაქეები, მათ შორის მძღოლებიც ხშირად არ აქცევენ ყურადღებას, რომ რომელიმე ადამიანი უსინათლოს სპეციალური ხელჯოხით სარგებლობს, რაც შეიძლება ნებისმიერი მათგანის სიცოცხლისთვის სავალალო აღმოჩნდეს.
„ ჩვენ არ გვეძლევა საშუალება თავად გავიგოთ ავტობუსის გაჩერებაზე თუ რა დროს და რომელი ავტობუსი მოვა. თუ გაჩერებაზე ვინმე არ დგას, ვისაც ვკითხავთ, საერთოდ იზოლაციაში ვარ. მიუხედავად იმისა, რომ უსინათლოთა ხელჯოხით დავდივარ, ვერც საზოგადოება და თუნდაც მძღოლები ვერ ამჩნევენ ამას“,- განაცხადა „საქართველოს უსინათლოთა კავშირის დევნილთა ფილიალის“ ხელმძღვანელმა დავით ყვირილიანმა.
უსინათლო ადამიანების დასახმარებლად ორგანიზაცია „ვიმეგობროთ“ სხვადასხვა პროექტს ახორციელებს. ამჯერად მის პროექტში ჩართულია ქართულ- ამერიკული უნივერსიტეტიც. როგორც ქართულ- ამერიკული უნივერსიტეტის პიარმენეჯერმა ეკატერინე ტოგონიძემ „კვირას“ პრესკლუბში განმარტა, დღეს ქართულ – ამერიკულ უნივერსიტეტში მოძრაობა „ვიმეგობროთ“ პატრულის დეპარტამენტის თანამშრომლების ტრენინგს ჩაატარებს, რომელიც მცირე მხედველ, ან უსინათლო ადამიანებთან ურთიერთობას და ამ ურთიერთობის ეტიკეტს ეხება.