„შავნაბადამ“ ქართული საგალობლების მე-3 დისკი სანოტო კრებულთან ერთად გამოსცა

12 დეკემბერს, 19.00 საათზე, ანსამბლი „შავნაბადა“ „თი-ბი-სი გალერეაში“, საგალობლების მე–3 სასწავლო დისკისა და სანოტო კრებულის პრეზენტაცია-კონცერტს გამართავს. მე–3 ალბომში შესულია: ნათლობის, ქორწინებისა და მღვდლად კურთხევის საგალობლები.
პრეზენტაცია-კონცერტზე, ანსამბლ „შავნაბადასთან“ ერთად მონაწილეობას მიიღებენ: ოზურგეთის, ლანჩხუთის, გორის, ხაშურის, დედოფლისწყაროს, თელავისა და გურჯაანის გალობა-სიმღერის სკოლის გუნდები. პრეზენტაციის დასასრულს, ახალი გამოცემული ალბომი საჩუქრად დაურიგდებათ სტუმრებს.
შეგახსენებთ, რომ 2012 წელს ანსამბლმა „შავნაბადამ“ უწმინდესის და უნეტარესის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით სამი აუდიოდისკი გამოსცა, რომელზეც ჩაწერიალია მწუხრის ყველა საგალობელი და თითოეული საგალობლის თითო ხმა, რათა მგალობელმა შეძლოს გალობის შესწავლა ზეპირი წესით და არა ნოტით. მეორე ალბომში კი შესულია წირვის საგალობლების სასწავლო დისკი, რომელსაც თან ახლავს სანოტო კრებულიც.
„ჩვენს ანსამბლს არაერთი ალბომი გამოუცია ქართული ტრადიციული და ფოლკლორული მუსიკის მოყვარულთათვის. თითოეული მათგანი ანსამბლის შემოქმედებითი სახის მატარებელი და გარკვეული მიმართულების მქონეა სასიმღერო ფოლკლორში.
ასეთ შემთხვევაში ჩვენი შემოქმედებითი თვალსაწიერი მხოლოდ ჩვენს ინდივიდუალურ გემოვნებაზე იყო დამოკიდებული. ახლა კი, მიგვაჩნია, რომ ეს გამოცემა მეტად მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლოა. იგი არ ჰგავს ჩვენს სხვა დისკებს, რომლებიც აქამდე გამოგვიცია. ის ატარებს სასწავლო გამოცემის სტატუსს. აღსანიშნავია, რომ გამოცემის სასწავლო წოდება არაა თვითნებური. ჩანაწერები მოსმენილია მაღალკვალიფიციური და ერთმანეთისგან განსხვავებული შეხედულებების მქონე პროფესიონალის მიერ“, – ამბობენ ანსამბლ „შავნაბადას“ წარმომადგენლები.
დისკი საჩუქრად დაურიგდება ყველა-ეკლესიასა და მონასტერს, ასევე გალობის შესწავლის მსურველს.
როგორც ცნობილია, საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდის 2003 წლის 18 აგვისტოს კრების განჩინების მიხედვით: ქართულ საეკლესიო გალობას ერისა და ეკლესიის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია და განაპირობებს მის სულიერ, ზნეობრივ და კულტურულ განვითარებას. ამა თუ იმ ხალხისათვის გალობა, ისევე როგორც ენა, წარმოადგენს თვითმყოფადობის გამომხატველ უმნიშვნელოვანეს საშუალებას. აქედან გამომდინარე, ისტორიულ ტრადიციებზე დაყრდნობით ვაცხადებთ, რომ საქართველოს მართმადიდებელ ეკლესიაში კანონიკური გალობა იყო და არის ქართული. მისი აღსრულება სავალდებულოა ყველა ქართულ ტაძარში და ქართულ ენაზე აღვლენილი ღვთისმსახურების დროს. მგალობელთა გუნდებს ეძლევათ ლოცვა-კურთხევა, რათა ე.წ რუსული, ევროპული და ბიზანტიური გალობა შეცვალონ ქართული კანონიკური მრავალხმიანი გალობით. საგალობლების თანდათანობით შეცვლას ზედამხედველობას გაუწევს „საპატრიარქოს სამგალობლო ცენტრი“. იმ მოძღვრის მიმართ კი, რომელიც დაარღვევს წმიდა სინოდის დადგენილებას, მიღებულ იქნება საეკლესიო სამართლით გათვალისწინებული ზომები“.
„მიუხედავად სინოდის ამ გადაწყვეტილებისა, დღესაც საქართველოს ტაძრებში არ სრულდება ქართული ტრადიციული გალობა, მისთვის დამახასიათებელი თავისებურებებით. ამის მიზეზი ქართული ტრადიციული გალობის განვითარების მაღალი დონე, მისი სირთულე და პედაგოგების ნაკლებობა გახლავთ. ჩვენი ქვეყნის რთული ისტორიული პროცესების გამო, ახალგაზრდა თაობაში რთული ხდება ქართული ტრადიციული გალობის გადაცემა, ეს მხოლოდ ნოტების მეშვეობით არის შესაძლებელი. ევროპული ნოტები სათანადოდ ვერ ეხმარება გამოცდილ, თითო-ოროლა მგალობელს, ქართული გალობა სრულიად და უშეცდომოდ გაავრცელოს მთელი საქართველოს მასშტაბით. იმისთვის, რომ მოხდეს ქართული ტრადიციული გალობის კანონიკაში მართებულად მოყვანა, უწმინდესის კურთხევით ანსამბლმა „შავნაბადამ“, სწორედ ამ მიზნით წამოიწყო, საგალობლების სასწავლო დისკების გამოცემა“, – ამბობენ „შავნაბადას“ წარმომადგენლები. პროექტი ხორციელდება საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, „თი-ბი-სი“ ბანკისა და ფონდი „ქართული გალობას“ ხელშეწყობით. საგალობლები ჩაიწერა და მომზადდა, საზოგადოებრივი რადიო–1 ის მიერ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები