საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელები ქართული ენის შესწავლას ითხოვენ და დახმარებას ხელისუფლებას სთხოვენ
საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის თავმჯდომარემ ალი ბაბაევმა საინფორმაციო – ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში აზერბაიჯანელი მოსახლეობის ენობრივ ბარიერზე ისაუბრა. ბაბევის განცხადებით, ისეთ რეგიონებში, სადაც მასობრივად ცხოვრობენ აზერბაიჯანელები, როგორიცაა მარნეული, ბოლნისი, გარდაბანი, მოსახლეობამ ქართული არ იცის.
ბაბაევმა არასამთავრობო ორგანიზაციები აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად გამოყოფილი თანხების გაფლანგვაში დაადანაშაულა. მისი განცხადებით, ქართული ენის სწავლების მეთოდი, რომელიც აღნიშნული რეგიონების სკოლებშია დანერგილი, ძალიან მოძველებულია. ენობრივი ბარიერი ხელს უშლის ადგილობრივი კადრების მომზადებასაც.
„ძალიან სერიოზულად დგას ენის პრობლემა. მარნეულში, ბოლნისში, გარდაბანში, მოსახლეობამ ქართული არ იცის. აუცილებლად უნდა გადაიხედოს ის მეთოდი, რომლითაც სკოლებში ეთნიკური უმცირესობისთვის ქართული ენის სწავლება წარმოებს. იმის გამო, რომ ქართულის ცოდნის დონე ძალიან დაბალია, აზერბაიჯანელი ახალგაზრდები ვერ აბარებენ ქართულ უმაღლეს სასწავლებლებში და ვერ ახდენენ ინტეგრაციას საზოგადოებაში. მარნეულსა და სხვა რეგიონებში თბილისიდან წარგზავნილი კადრები ინიშნებიან, მაშინ, როდესაც თვითონ ადგილობრივებისთვის მწვავედ დგას დასაქმების პრობლემა“, – განაცხადა ალი ბაბაევმა.
ბაბაევის თქმით, ენის ბარიერის გამო აზერბაიჯანელი მოსახლეობა ვერ ახერხებს მიიღოს ინფორმაცია. მისი თქმით, ისინი აბსოლუტურ ვაკუუმში არიან და არ იციან არაფერი იმ სიკეთეების შესახებ, რასაც მთავრობა ახორციელებს.
მოსახლეობის არაინფორმირებულობის გამო ბაბაევმა აზერბაიჯანული რეგიონების პარლამენტის დეპუტატები: მახირ დარზიევი, ალი მამედოვი და აზერ სულეიმანოვი დაადანაშაულა.
საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის თავმჯდომარის თქმით, მას შემდეგ, რაც დეპუტატები არჩეული იქნენ, არ ხვდებიან მოსახლეობას და არ აცნობენ იმას, რასაც ხელისუფლება მათსავე სასიკეთოდ ახორციელებს.
„ აზერბაიჯანული მოსახლეობა ვერ უყურებს ქართულ არხებს, ვერ კითხულობს ქართულ პრესას. არ იციან ქართული. დეპუატაები კი არ ცდილობენ, რომ ხანდახან მაინც შეხვდნენ მათ. არაფერი იციან იმ სიკეეთეების შესახებ, რასაც ხელისუფლება ახორციელებს. არ იცნობენ არცერთ არც გაკეთებულ და არც დაგეგმილ რეფორმას. არავინ აწვდის მათ ინფორმაციას, თუ რა პირობებში ცხოვრობდა საქართველო სააკაშვილის მმართველობის დროს, არ იციან არაფერი დაზღვევის შესახებ, სოფლის მეურნეობისთვის გამოყოფილი თანხებისა და სხვა სიახლეების შესახებ. არცერთი ჩვენი დეპუტატი მოსახლეობის სატკივარით არ ინტერესდება“, – განაცხადა ალი ბაბაევმა.