აზერბაიჯანული მოსახლეობა სააკაშვილის ხელისუფლების დროს წართმეული მიწების დაბრუნებას ითხოვს
საქართველოს აზერბაიჯანული მოსახლეობა გარდაბანში, მარნეულში, ბოლნისში, დმანისსა და საგარეჯოში მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში მათთვის ჩამორთმეული მიწების დაბრუნებას ითხოვს,- ამის შესახებ დღეს საინფორმაციო – ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის თავმჯდომარემ ალი ბაბაევმა ისაუბრა.
საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის თავმჯდომარის თქმით, ქართველ აზერბაიჯანალებზე წართმეული მიწები ყოფილმა ხელისუფლებამ ირანელებსა და ინდოელებზე გაასხვისა.
ალი ბაბაევმა მიწების მითვისებასთან კავშირში პარლამენტის დეპუტატი, დმანისის მაჟორიტარი კახა ოქრიაშვილიც ამხილა. ბაბაევის განცხადებით, ოქრიაშვილმა დმანისის მიწების 80% მიითვისა.
მისივე თქმით, დმანისის მიწების უმრავლესობას დღეს ოქრიაშვილის ნათესავები ამუშავებენ.
„გარდაბანში, მარნეულში, დმანისში მოსახლეობას საკუთარი მიწები წაართვა წინა ხელისუფლებამ. მარტო საგარეჯოს სოფელ იორმუღანლოში წაართვეს აზერბაიჯანელებს 7 ათასი ჰექტარი და ირანელებსა და ინდოელებზე გაასხვისეს. დმანისში მიწების 80% დეპუტატმა კახა ოქრიაშვილმა მიითვისა. მე შევხვდი მას. დამპირდა, რომ მოსახლეობას მიწებს 4- წლიანი იჯარით მისცემდა, შემდეგ კი ეს მიწები მათ საკუთრებაში გადავიდოდა, მაგრამ ეს არ გააკეთა. ამ მიწებს დღეს მისი ნათესავები ამუშავებენ“,- აღნიშნა ბაბაევმა.
ბაბაევი ხელისუფლებას აღნიშნული პრობლემის მოგვარებას და ამ მიზნით სახელმწიფო კომისიის შექმნას სთხოვს. ბაბევის განმარტებით, მიწების ატესტაცია უნდა მოხდეს და კანონიერ მფლობელებს დაუბრუნდეს.
აზერბაიჯანელი მოსახლეობა უკმაყოფილებას გამოთქვამს მათივე რეგიონების დეპუტატების მიმართაც. ბაბაევის განცხადებით, პარლამენტში აზერბაიჯანულ მოსახლეობას 3 დეპუტატი მახირ დარზიევი, ალი მამედოვი და აზერ სულეიმანოვი წარმოადგენს, თუმცა საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის თავმჯდომარე ვერ იხსენებს ვერცერთ შემთხვევას, რომ არჩევის შემდეგ ისინი მოსახლეობას შეხვედროდნენ. ბაბაევის თქმით, ისინი არ ელაპარაკებიან მოსახლეობას, საკანონმდებლო ორგანოში არ საუბრობენ მათი პრობლემების შესახებ.
ბაბაევი აზერბაიჯანული მოსახლეობის წარმომადგენლებს ქართულის არცოდნასაც უწუნებს. მისი განცხადებით, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პოსტს დავით ბაქრაძე იკავებდა, მან თხოვნით მიმართა მას, კანონით დაწესებულიყო შეზღუდვა, რომ არ ყოფილიყო შესაძლებელი სახელმწიფო ენის არმცოდნე ადამიანი გამხდარიყო პარლამენტის წევრი.
„ ჩვენი დეპუტატები მოსახლეობას არ ხვდებიან, არ აინტერესებთ მათი პრობლემები და არასოდეს საუბრობენ ამაზე პარლამენტში. ამის მიზეზი, მათი დამოკიდებულების გარდა, კიდევ ისაა, რომ მათ საერთოდ არ იციან ქართული. მე თავის დროზე მივმართე პარლამენტის მაშინდელ თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს, რომ დაწესებულიყო შეზღუდვა და სახელმწიფო ენის არმცოდნე ადამიანი პარლამენტში რ არჩეულიყო, მაგრამ ეს არ გაითვალისწინეს. სირცხვილია პარლამენტში იჯდეს ადამიანი, რომელიც ვერ საუბრობს და ვერ აზროვნებს ქართულად. დღემდე ადგილობრივ თვითმმართველობებში მუშაობენ სააკაშვილის კადრები. ესენი არაიან ადამიანები, რომელთაც საერთოდ არ იციან ქართული“, – აღნიშნა ბაბაევმა.