ობამა: ჰილარი კლინტონი მშვენიერი პრეზიდენტი იქნებოდა
აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა მიიჩნევს, რომ ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი „მშვენიერი პრეზიდენტი“ იქნებოდა, – ამის შესახებ მან ტელეკომპანია ABC-ს განუცხადა.
ობამას განცხადებით, ის რეგულარულად ეკონტაქტება კლინტონს და მას საკუთარ მეგობრად თვლის.
„ის ყველაფერში არ მეთანხმება, თუმცა, იმ შემთხვევაში, როდესაც პრეზიდენტის პოსტზე საკუთარ კანდიდატურას სთავაზობ ხალხს საკუთარი პოზიციების დაცვაც მისაღებია“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
ბარაკ ობამას განცხადებით, ის დაინტერესებულია, რომ აშშ-ს მომდევნო პრეზიდენტი მისი, „დემოკრატიული პარტიის“ წარმომადგენელი გახდეს. „ასე რომ მე ყველაფრის გაკეთებას ვაპირებ, რაც ჩემგან იქნება დამოკიდებული იმისთვის, რომ დემოკრატების კანდიდატის წარმატებაში დარწმუნებული ვიყო“, – განაცხადა ობამამ.
ამასთან პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მომდევნო საარჩევნო კამპანიის დროს მისი როლი დიდი გავლენას არ იქონიებს. „ვფიქრობ, რომ ამერიკელ ხალხს ახალი ავტომობილის სურნელის შეგრძნება სურს. საკუთარი ავტომობილის. მათ სხვა რაღაცის საჭესთან ჯდომა სურთ. ჩემმნაირი დიდი გარბენით – არა“, – განაცხადა ობამამ.
შეგახსენებთ, რომ ობამას გავლენა ბოლო თვეების მანძილზე შემცირდა. მისი პოპულარობის რეიტინგი რეკორდულად დაეცა. პრეზიდენტ ბარაკ ობამას უფლება-მოსილება 2017 წლის დასაწყისში სრულდება.