მაკრონი: ბოლო წლებში სომხეთში ნიკოლ ფაშინიანის მიერ შესრულებული სამუშაო ძალიან შთამბეჭდავია, რვა წლის წინ აქ არავინ ჩამოვიდოდა
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე გამართულ პანელურ დისკუსიაში სომხეთის მთავრობის პოლიტიკა დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მმართველობის პერიოდში ქვეყნის საერთაშორისო იმიჯი მნიშვნელოვნად შეიცვალა.
დისკუსიაში ასევე მონაწილეობდნენ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი, იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი.
მაკრონის განცხადებით, ფაშინიანის მიერ ბოლო წლებში განხორციელებული რეფორმები შთამბეჭდავია. მისი თქმით, დაახლოებით რვა წლის წინ მსგავსი დონის ვიზიტები სომხეთში არ იმართებოდა, ხოლო დღეს ქვეყანაში აქტიური საერთაშორისო ვიზიტები ხდება, რაც ცვლილებების ნათელი მაჩვენებელია.
საფრანგეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ”
“წარსულში მრავალი ქვეყანა სომხეთს რუსეთის სატელიტად აღიქვამდა, თუმცა ფაშინიანის მიერ განხორციელებულმა ხავერდოვანმა რევოლუციამ ქვეყნის კურსი შეცვალა და სომხეთი რუსეთის გავლენისგან დისტანცირებას ცდილობს”,- თქვა მაკრონმა.
მისივე განცხადებით, სომხეთის ევროპული არჩევანი მნიშვნელოვანი სიგნალია.
მაკრონმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის წინააღმდეგობა რუსეთის მიმართ, სომხეთის სტრატეგიული კურსი და მოლდოვის ნაბიჯები აჩვენებს საერთო მიმართულებას, რომელიც ევროპულ ქვეყნებს შორის ყალიბდება.